გეორგ ფილიპ ტელემანი
From Wikipedia, the free encyclopedia
გეორგ ფილიპ ტელემანი (დ. 24 მარტი (ძვ. სტ. 14 მარტი), 1681 — გ. 25 ივნისი, 1767) — ბაროკოს გერმანელი კომპოზიტორი და მულტი-ინსტრუმენტალისტი. თითქმის სრულად თვითნასწავლი მუსიკაში, გახდა კომპოზიტორი მისი ოჯახის სურვილის საწინააღმდეგოდ. მაგდებურგში, კლაუსტალ ცელერფელდსა და ჰილდესხაიმში სწავლის შემდეგ ტელემანმა ლაიფციგის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის შესწავლა დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ, მან კარიერა მუსიკაზე ააწყო. მნიშვნელოვანი თანამდებობები ჰქონდა ლაიფციგში, სორაუში, ეიზენახსა და ფრანკფურტში, სანამ 1721 წელს ჰამბურგში გადასახლდებოდა, სადაც იგი ქალაქის ხუთი მთავარი ეკლესიის მუსიკალური დირექტორი გახდა. ტელემანის ცხოვრებას კარიერის საუკეთესო პერიოდში თან ახლდა მუდმივი პრობლემები: პირველი მეუღლე დაქორწინებიდან ორ წელიწადზე ნაკლებ დროში გარდაიცვალა, ხოლო მის მეორე მეუღლეს აზარტული მიდრეკილება ჰქონდა, რის გამოც დიდი ვალი დაგროვდა, სანამ ერთმანეთს დაშორდებოდნენ.
გეორგ ფილიპ ტელემანი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 14 (24) მარტი, 1681[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | მაგდებურგი[1] [9] |
გარდ. თარიღი | 25 ივნისი, 1767(1767-06-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [10] [11] [12] [13] [9] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | ჰამბურგი[1] [9] |
დასაფლავებულია | ჰამბურგი |
ხელმოწერა | |
გეორგ ფილიპ ტელემანი ვიკისაწყობში |
ტელემანი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ღვაწლმოსილ კომპოზიტორად არის მიჩნეული[14] [15] და მისი თანამედროვეების აზრით, იმ დროის ერთ-ერთი წამყვანი გერმანელი კომპოზიტორია, რომელსაც ხშირად ადარებდნენ მის ორ მეგობარს: იოჰან სებასტიან ბახს, რომელმაც გეორგ ფილიპს შვილი მოანათლინა და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელს, რომელთანაც ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ტელემანმა მნიშვნელოვანი რაოდენობით დაწერა მუსიკა ორღანისტებისთვის, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით სწავლობდნენ. მის ნამუშევრებში თავმოყრილია 48 საგუნდო პრელუდია და 20 პატარა ფუგა, რომლებიც თან ახლავს 500 საგალობელს. მისი მუსიკა მოიცავს საფრანგეთის, იტალიის და გერმანიის ეროვნულ სტილებს. ტელემანის მუსიკა წარმოადგენს მნიშვნელოვან კავშირს გვიანდელ ბაროკოსა და ადრეულ კლასიკურ სტილებს შორის. ჰამბურგში მის პატივსაცემად არსებობს ტელემანის მუზეუმი.