ეგზისტენციალიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ეგზისტენციალიზმი[1] — ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა. ეგზისტენციალიზმი სათავეს იღებს XIX საუკუნის გვიანდელი პერიოდისა და XX საუკუნის ფილოსოფოსთა ნაშრომებიდან. მიუხედავად ძირეული დოგმატური განსხვავებებისა,[2][3][4] ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობები იზიარებენ საერთო შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფილოსოფიური აზროვნების საწყისი ადამიანიდან მომდინარეობს. ადამიანი, როგორც სუბიექტი ინდივიდუალური აზროვნების, ქმედების, გრძნობისა და არსებობის, ეგზისტენციალური ფილოსოფიის ღერძს წარმოადგენს.[5] ეგზისტენციალიზმში ინდივიდის საწყისი წერტილი უკავშირდება „ეგზისტენციალურ მდგომარეობას“, როდესაც ადამიანი კარგავს ორიენტირების უნარს სამყაროში, სადაც ყველაფერი უაზრო და აბსურდულია.[6]
სიორენ კირკეგორი მიჩნეულია პირველ ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსად,[2][7][8] თუმცა მას არასდროს გამოუყენებია ტერმინი „ეგზისტენზიალიზმი“.[9] ის მიიჩნევდა, რომ ყოველი ინდივიდი (არა საზოგადოება და რელიგია) ვალდებულია, გარკვეული მნიშვნელობა მიანიჭოს საკუთარ ცხოვრებას და ის მტკიცედ და ჭეშმარიტად განვლოს.[10][11] ეგზისტენციალიზმმა პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოიპოვა და გარდა ფილოსოფიისა, გავლენა მოახდინა თეოლოგიაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატურასა და ფსიქოლოგიაზე.[12]