ეგორ გაიდარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ეგორ გაიდარი (დ. 19 მარტი, 1956, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ — გ. 16 დეკემბერი, 2009, უსპენსკოე, მოსკოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია) — რუსი რეფორმატორი, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომისტი. ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორი.
1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთში ჩატარებული ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი ხელმძღვანელი, ინიციატორი და იდეოლოგი. 1991-1994 წლებში იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს რუსეთის მთავრობაში, 1992 წელს, ივნის-დეკემბერში იყო რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. მონაწილეობას იღებდა ბელოვეჟსკის შეთანხმების შედგენაში. გაიდარის ხელმძღვანელობის ქვეშ რუსეთში დაიწყო გადასვლა გეგმიური ეკონომიკიდან საბაზროზე; მოხდა ფასების ლიბერალიზაცია, საგადასახადო სისტემის რეორგანიზაცია, საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია; დაიწყო პრივატიზაცია.
1993 წლის საკონსტიტუციო კრიზისის დროს სახელისუფლებო ძალების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ანტისაომარი მიტინგების ორგანიზატორი. პარტიების „რუსეთის დემოკრატიული არჩევანი“ და „მემარჯვენე ძალების კავშირი“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ფრაქცია „რუსეთის არჩევანის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი სახელმწიფო დუმას პირველ მოწვევაში, მესამე მოწვევაში კი დეპუტატი მემარჯვენე ძალების კავშირიდან. მონაწილეობას იღებდა საგადასახადო და საბიუჯეტო კოდექსების შედგენასა და სტაბილიზაციური ფონდის კანონის შექმნაში.
ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი. ეკონომიკასთან დაკავშირებული არაერთი პუბლიკაციის, რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი.
დამოკიდებულება გაიდარის მიმართ სხვადასხვანაირია. მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ მისი 1992 წლის რეფორმების ხარჯზე მოხდა სამოქალაქო ომისა და მასობრივი შიმშილის თავიდან აცილება და შეიქმნა საძირკველი ეკონომიკის მომავალი ზრდისთვის. გაიდარის ოპონენტები ადანაშაულებენ მას და მის რეფორმებს მოქალაქეთა ცხოვრების დონის ვარდნასა და ეკონომიკის მიზანმიმართულ განადგურერბაში.[1] აგრეთვე არსებობს ნეიტრალური ხედვა, რომელიც ითვალისწინებს მისი მოღვაწეობის როგორც დადებით, ასევე ნეგატიურ ასპექტებს. გაიდარის ხსოვნა უკვდავყოფილია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით.
იცოდა ესპანური, ინგლისური და სერბულ-ხორვატიული ენები.[2]