ვესტმინსტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვესტმინსტერი, აგრეთვე, უესტმინსტერი (ინგლ. Westminster) — ლონდონის ისტორიული რაიონი, ვესტმინსტერის ადმინისტრაციული ოლქის ნაწილი, სადაც მდებარეობს დიდი ბრიტანეთის პარლამენტი.
ვესტმინსტერი დაარსდა VII საუკუნეში იმ დროისთვის აქ არსებული მონასტრის გარშემო. თავად სახელწოდება „ვესტმინსტერი” სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც მონასტრის დასავლეთი ეკლესია. თავდაპირველად სახელწოდების ქვეშ უეჭველად იგულისხმებოდა ვესტმინსტერის სააბატოს ტერიტორია, რომელიც თითქმის ათასი წლის განმავლობაში წარმოადგენდა ინგლისის ხელისუფლების რეზიდენციას.
მოგვიანებით, ვესმინსტერი უწოდეს თანდათანობით და სწრაფად მზარდ რაიონს, რომელსაც 1965 წელს შეუერთდა სენტ-მერილიბოუნი და პადინგტონი. ოლქის ისტორიულ ბირთვს წარმოადგენს კუნძული ტორნი, რომელზეც აიგო ვესტმინსტერის საბატო, რომელიც დღემდე ბრიტანეთის მონარქთა კორონაციის ტრადიციული ადგილია.
ვესტმინსტერის რაიონი განლაგებულია მდინარე ტემზას მარცხენა სანაპიროზე, ლონდონის სიტის დასავლეთით.
1066 წელიდან ნორმანდიელთა მიერ ინგლისის დაპყრობის შემდეგ ვესტმინსტერის სასახლე გახდა ინგლისის მეფეების რეზიდენცია, მოგვიანებით კი ინგლისის პარლამენტის სხდომათა და ე.წ. ვესტმინსტერის სასამართლოს ადგილად.
და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ინგლისის მეფეები ცხოვრობდნენ ლონდონის ტაუერში, მათ არ სურდათ ლონდონი ღარიბთა შორის ცხოვრება. თანდათანობით წარმოიქმნა ორი ცენტრი: ერთი - ეკონომიკური სიტიში, მეორე - პოლიტიკური და კულტურული - ვესტმინსტერში. ეს გაყოფა შენარჩუნებულია დღემდე. მოგვიანებით ბრიტანელმა მეფეებმა თავისი რეზიდენცია გადაიტანეს ქალაქის სხვა ნაწილებშიც, მაგრამ პარლამენტის სხდომები დღემდე იმართება უესტმინსტერის სასახლეში, ხოლო მინისტრთა უმრავლესობა განთავსებულია უიტჰოლში.
სახელწოდება „ვესტმინსტერი” გამოიყენება პარლამენტის და გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ცენტრის აღსანიშნავად. ხშირად საუბრობენ ვესტმინსტერის სისტემის შესახებ.
ვესტმინსტერის სასახლისა და ვესტმინსტერის სააბატოს მახლობლად მდებარეობს ვესტმინსტერის სკოლა, ინგლისის ერთ-ერთი ცნობილი კერძო სკოლა. ვესტმინსტერის უნივერსიტეტის ოთხიდან სამი კორპუსი მდებარეობს ვესტმინსტერის ოლქში.