იოგა
From Wikipedia, the free encyclopedia
იოგა (სანსკ.योग) — ინდური კულტურის ცნება, ფართო გაგებით აღნიშნავს სულიერი და ფიზიკური პრაქტიკის, სავარჯიშოების ერთობლიობას, რომლებიც ინდუიზმისა და ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბდა. იოგური ასკეტიზმის პირველადი მიზანია პიროვნების თვითრეალიზაცია, ხოლო საბოლოო მიზნად თეოზისი (ბერძ.განღმრთობა) უნდა ჩაითვალოს. ინდუიზმის სწავლების მიხედვით, კაცის სხეული იდეალურია უმაღლესი გასხივოსნების მისაღწევად. ოდესმე ღმერთებსაც ადამიანებად დაბადება მოუწევთ, რათა კვლავ განწმინდონ თავიანთი კარმა. ხოლო იოგა ყველაზე ეფექტიანი და უმძლავრესი მეთოდია უმაღლესი გასხივოსნების გზაზე. მიწევნილებაში მდგარი იოგინი სანახევროდღაა ადამიანი. მისი ონტოლოგიური სტატუსი მთლიანად იცვლება. ის კასტებისა და კარმას მიღმა მდგარი ზეარსებაა, რომელსაც ღმერთებიც თაყვანსსცემენ და პატივს მიაგებენ. ახალი დროის ერთ-ერთი უდიდესი ინდოელი მოძღვრის, ვივეკანანდას განმარტებით, ადამიანის სახეობისათვის დამახასიათებელია არა მხოლოდ ცნობიერება და ქვეცნობიერება, არამედ ზეცნობიერება. ეს ის მდგომარეობაა, რომლის წიაღიდან წინასწარმერტყველნი ღვთის სახელით წინასწარმეტყველებდნენ, ხოლო წმინდანნი სასწაულებს აღასრულებდნენ. იოგას ათასწლოვანი მოძღვრება იმ ცოდნას ინახავს, რომელიც ზეცნობიერების კარს ხსნის. ეს არის გასხივოსნების მეთოდი, სწავლება ჩვეულებრიობის, რუტინული ყოფნის საზღვრის გადალახვის შესახებ.