გუსტავ მალერი
ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი / From Wikipedia, the free encyclopedia
გუსტავ მალერი (გერმ. Gustav Mahler [ˈmaːlɐ]; დ. 7 ივლისი, 1860, კალიშტე, ბოჰემია — გ. 18 მაისი, 1911, ვენა) — ავსტრო-ბოჰემიელი რომანტიკოსი კომპოზიტორი და თავისი თაობის ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი. როგორც კომპოზიტორი, ერთმანეთთან აკავშირებს XIX საუკუნის ავსტრო-გერმანულ ტრადიციას და XX საუკუნის მუსიკალურ მოდერნიზმს. სიცოცხლის განმავლობაში მისი, როგორც დირიჟორის სტატუსი ეჭვგარეშე იყო, თუმცა, მისმა მუსიკამ აღიარება ხანგრძლივი უგულვებელყოფის შემდეგ მოიპოვა, რასაც თან დაერთო მისი აკრძალვა ევროპის დიდ ნაწილში ნაცისტური გერმანიის არსებობის პერიოდში. 1945 წლის შემდეგ მალერი მსმენელთა ახალმა თაობებმა აღმოაჩინეს, რის შემდეგაც იგი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებული და ჩაწერილი კომპოზიტორი გახდა და ამ სტატუსს XXI საუკუნეშიც ინარჩუნებს. 2016 წელს „BBC-ს მუსიკალური ჟურნალის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც 151 დირიჟორი მონაწილეობდა, ყველა დროის სიმფონიების ტოპ ათეულში მალერის სამი სიმფონია დასახელდა.[25]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „გუსტავ მალერი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. გუსტავ მალერი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
გუსტავ მალერი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 7 ივლისი, 1860(1860-07-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] |
დაბ. ადგილი | კალიშტე, ბოჰემიის სამეფო, ავსტრიის იმპერია[19] [18] [22] ან Kaliště[21] |
გარდ. თარიღი | 18 მაისი, 1911(1911-05-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [18] [19] [20] [21] [22] (50 წლის) |
გარდ. ადგილი | ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[23] [18] [20] [21] [22] |
დასაფლავებულია | გრინცინგენის სასაფლაო |
ეროვნება | ებრაელები[24] |
ხელმოწერა | |
საიტი | gustav-mahler.org |
გუსტავ მალერი ვიკისაწყობში |
მალერი ბოჰემიის სამეფოში (იმ დროს ავტრიის იმპერიის შემადგენლობაში), ებრაული წარმოშობის ღარიბ ოჯახში დაიბადა და მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა. 1878 წელს დაამთავრა ვენის კონსერვატორია, რის შემდეგაც სულ უფრო მნიშვნელოვან სადირიჟორო თანამდებობს იკავებდა, რაც 1897 წელს ვენის კარის ოპერის (Hofoper) დირექტორად მისი დანიშვნით დაგვირგვინდა. ვენაში ათწლიანი მოღვაწეობის დროს მალერი, რომელიც თანამდებობის მოსაპოვებლად კათოლიციზმზე მოინათლა, ანტისემიტური პრესის მხრიდან მუდმივ წინააღმდეგობასა და მტრულ დამოკიდებულებას აწყდებოდა. მიუხედავად ამისა, ინოვაციურმა მიდგომებმა და უმაღლესი სტანდარტებისადმი დაჟინებულმა სწრაფვამ უდიდესი საოპერო დირიჟორის რეპუტაცია მოუტანა, განსაკუთრებით, ვაგნერის, მოცარტის, ჩაიკოვსკის სასცენო ნამუშევრების ინტერპრეტაციაში. სიცოცხლის ბოლო წლებში მოკლე დროით ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის და ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელიც იყო.
მალერის შემოქმედება რაოდენობრივად მწირია. მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილის განმავლობაში საკომპოზიტორო საქმიანობა მეორეხარისხოვანი იყო, რადგან მის ძირითად სამსახურს დირიჟორობა წარმოადგენდა. ადრეული ნაწარმოებების გარდა, როგორიცაა სტუდენტობის დროს შექმნილი საფორტეპიანო კვარტეტი, მალერის ნამუშევრები დიდი საორკესტრო შემადგენლობის, სიმფონიური გუნდებისა და საოპერო სოლისტებისთვისაა განსაზღვრული. ამ ნაწარმოებთა უმეტესობას თავდაპირველად წინააღმდეგობით შეხვდნენ და კრიტიკული და პოპულარული აღიარება მათ საკმაოდ გვიან მოიპოვეს. გამონაკლისია მისი მე-2, მე-3 და მე-8 სიმფონიები (ამ უკანასკნელის ტრიუმფალური პრემიერა 1910 წელს შედგა). მალერის უშუალო მუსიკალურ მემკვიდრეებად ვენის მეორე სკოლის წარმომადგენლები მიიჩნევიან, მათ შორის, არნოლდ შონბერგი, ალბან ბერგი და ანტონ ვებერნი. დიმიტრი შოსტაკოვიჩი და ბენჯამინ ბრიტენი, XX საუკუნის ორი უმნიშვნელოვანესი კომპოზიტორი იმ შემოქმედთა შორის იყვნენ, ვინც მალერს აღმერთებდა და მის გავლენას განიცდიდა. 1955 წელს, კომპოზიტორის ცხოვრებისა და მიღწევების პატივსაცემად დაფუძნდა გუსტავ მალერის საერთაშორისო ინსტიტუტი.