სოციალური სამართლიანობა
From Wikipedia, the free encyclopedia
სოციალური სამართლიანობა — კონცეფცია, რომელიც წარმოიშვა XIX საუკუნის დასაწყისში ინდუსტრიული რევოლუციისა და შემდგომი სამოქალაქო რევოლუციების დროს მთელს ევროპაში, რომელიც უფრო მეტი ეგალიტარული საზოგადოებების შექმნას და ადამიანთა შრომის კაპიტალისტური ექსპლუატაციის გამოსწორებას ისახავდა მიზნად.
იმ პერიოდისთვის ნიშანდობლივ, მდიდარ და ღარიბ კლასებს შორის არსებული ნიხრის გამო, ადრეული სოციალური სამართლიანობის დამცველები, ძირითადად, კაპიტალზე, ქონებასა და დოვლათის განაწილებაზე იყვნენ ფოკუსირებულნი. თანასწორობა, როგორც სამართლიანობის პრინციპი, მოითხოვს, რომ საზოგადოების წევრებს შორის არ იყოს რაიმე განსხვავება მათი სამართლებრივი, პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ნიშნით. საფრანგეთის რევოლუციის (1789) ლოზუნგი იყო „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“ მუშათა მოძრაობა დაიწყო საყოველთაო სამართლებრივი და პოლიტიკური თანასწორობის მისაღწევად, რაც ნიშნავს, რომ ბრძოლა მიზნად ისახავდა არა მხოლოდ მუშათა ემანსიპაციას, არამედ ასევე თანასწორ თავისუფლებას ყველასთვის.
სოციალური სამართლიანობა ინტერდისციპლინარული ტერმინია და სხვადასხვა დისციპლინებში სპეციფიური თარგმნა/გაგება სჭირდება. მაგალითად, სხვანაირად გაიგება სოციალური სამართლიანობის ლეგალისტური საზრისი, სხვაა ფილსოფიის ისტორიაში მისი შინაარსი, სხვაა კრიტიკულ ურბანულ თეორიაში, სოციალოგიაში, ფსიქოლოგიაში და ა. შ. ამდენად, პოლისემანტიკური მნიშვნელობის მქონე ტერმინი ფართო ისტორიულ და ინტერდისციპლინარულ განმარტებას საჭიროებს. თუმცა, თავად ტერმინი ყველაზე ფართე გაგებით, პოლიტიკის მეცნიერების, სამართლის თეორიის, ფილოსოფიის ისტორიის დისციპლინებს უკავშირდება.