სტამბოლი
თურქეთის უდიდესი ქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
სტამბოლი (თურქ. İstanbul — ისთანბულ), ისტორიულად ცნობილია, როგორც კონსტანტინოპოლი (ბერძ. Κωνσταντινούπολις, თურქ. Kostantiniyye — კონსტანტინიე) და ბიზანტიონი — თურქეთის უდიდესი და ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი. ქვეყნის ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული ცენტრი. ტრანსკონტინენტური ქალაქი ევრაზიაში, რომელიც მდებარეობს ბოსფორის სრუტის გასწვრივ (რომელიც ჰყოფს ევროპასა და აზიას), მარმარილოსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ქალაქის კომერციული და ისტორიული ცენტრი ევროპულ ნაწილშია, ხოლო ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი აზიურ ნაწილში ცხოვრობს.[3] ქალაქი სტამბოლი არის ადმინისტრაციული ცენტრი ამავე სახელწოდების მეტროპოლიისა, სადაც 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.[4] მოსახლეობის რაოდენობთ სტამბოლი მსოფლიოს მე-5 უდიდესი ქალაქი და ევროპის ყველაზე დიდი ქალაქია. სტამბოლი განიხილება, როგორც ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „სტამბოლი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. სტამბოლი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ქალაქი | |
---|---|
სტამბოლი თურქ. İstanbul თურქ. Konstantinopolis | |
ქვეყანა | თურქეთი |
რეგიონი | მარმარილოს ზღვისსტამბოლი |
პროვინცია | სტამბოლი |
კოორდინატები | 41°00′36″ ჩ. გ. 28°57′37″ ა. გ. |
ქალაქის მერი | ექრემ იმამოღლუ[1] |
დაარსდა | 29 მაისი, 1453 |
ფართობი | 5343 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 100 მეტრი |
მოსახლეობა | 15 462 452 (2020)[2] |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 212 და 216 |
საფოსტო ინდექსი | 34000–34990 |
საავტომობილო კოდი | 34 |
ოფიციალური საიტი | http://www.ibb.istanbul/ და https://www.ibb.istanbul/en |
ძვ. წ. 660 წლამდე, სარაიბურნუს კონცხზე დაარსებული ქალაქი, სახელით ბიზანტიონი (ბერძ. Βυζάντιον), ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი გახდა. ახ. წ. 330 წელს, კონსტანტინოპოლის სახელით აღდგენილი ქალაქი თითქმის თექვსმეტი საუკუნის განმავლობაში რომისა და ბიზანტიის (330–1204 და 1261–1453), ლათინთა (1204-1261) და ოსმალეთის იმპერიის (1453-1922) დედაქალაქად ითვლებოდა.[5] რომისა და ბიზანტიის იმპერიის პერიოდში ქალაქი დიდი როლს თამაშობდა ქრისტიანობის გავრცელებაში, სანამ 1453 წელს ოსმალები დაიპყრობდნენ ქალაქს და ისლამური სამყაროს დასაყრდენად და ოსმალეთის ხალიფატის დედაქალაქად აქცევდნენ.[6]
სტამბოლის ისტორიული და სტრატეგიული ადგილმდებარეობა აბრეშუმის გზაზე,[7] რომელიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის სარკინიგზო ქსელების, შავი ზღვისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მარშრუტის გზაზე მდებარეობს, ქალაქის კოსმოპოლიტური მოსახლეობის წარმოქმნის საფუძველი გახდა, თუმცა, ეს ფაქტი ნაკლებად შესამჩნევი იყო 1923 წლისთვის, როდესაც ყალიბდებოდა თურქეთის რესპუბლიკა. ომებს შორის პერიოდში ახალ დედაქალაქად ანკარის გამოცხადებამ ქალაქს უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა. 1950-იანი წლებიდან ანატილიიდან ჩამოსული მიგრანტების ხარჯზე ქალაქის მოსახლეობა ათჯერ გაიზარდა, რამაც ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოება გამოიწვია.[8][9] XX საუკუნის დასასრულს დაარსებული ხელოვნების, მუსიკის, კინოს ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები დღემდე იმართება ქალაქში და მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ წარმოშვა რთული სატრანსპორტო ქსელი.
ქალაქის ევროპის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადებიდან ხუთი წლის შემდეგ, 2015 წელს სტამბოლში დაახლოებით 12,56 მილიონი უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რამაც იგი მსოფლიოს მეხუთე ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად აქცია.[10] ქალაქის უდიდეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს მისი ისტორიული ცენტრი, ნაწილობრივ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი, ხოლო ქალაქის კულტურული და გასართობი ნაწილი მდებარეობს ბუნებრივი ნავსადგურის, ოქროს რქის (ჰალიჩი) მეორე ნაპირზე, ბეიოღლუს რაიონში. გლობალურ ქალაქად განხილულ სტამბოლს,[11] გააჩნია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდი მეტროპოლიური ეკონომიკა.[12] ქალაქი ბევრი თურქული კომპანიის და მედიასაშუალების შტაბ-ბინის განლაგების ადგილია და მისი მოგება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედს შეადგენს.[13] საკუთარი გამოცოცხლებიდან და სწრაფი გაფართოებიდან მიღებული სარგებლის იმედით სტამბოლმა ოცი წლის განმავლობაში ხუთჯერ შეიტანა განაცხადი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარების თაობაზე.[14]