ანალიტიკური ცენტრი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანალიტიკური ცენტრი (ინგლ. think tank ან ინგლ. policy institute) ასევე ანალიტიკური ინსტიტუტი ან კვლევითი ცენტრი) — ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს და ეხმიანება ისეთ თემებს, როგორებიცაა სოციალური პოლიტიკა, პოლიტიკური სტრატეგია, ეკონომიკა, სამხედრო საქმე, ტექნოლოგია და კულტურა. როგორც წესი, ანალიტიკური ინსტიტუტი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებში (მაგ. ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა) გათავისუფლებულია გადასახადებისგან.[1] ანალიტიკური ცენტრის ერთ-ერთი მახასიათებელი არის მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან - მიუხედავად იმისა, რომ რიგი ორგანიზაციები თანამშრომლობენ სახელმწიფო სტრუქტურებთან, კვლევითი ცენტრები როგორც წესი არასამთავრობო ბუნებას ინარჩუნებენ.
ანალიტიკური ცენტრების ძირითადი საქმიანობა არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე სტატიებისა და კვლევის გამოქვეყნება, ასევე გარკვეულ საკითხებზე საკანონმდებლო წინადადებებისა და ანალიტიკური ბარათების მომზადება.[2][3]კვლევითი ცენტრები განსხვავდება ერთმანეთისგან და მოიცავს როგორც აკადემიურ და მეცნიერულ ინსტიტუტებს, ასევე მკვეთრად იდეოლოგიზებულ ან კონკრეტულ ვიწრო საკითხებზე მომუშავე ცენტრებს. [2]
თანამედროვე ტიპის კვლევითი ცენტრები წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში XIX - XX საუკუნეში. [2][4] 1945 წლამდე ანალიტიკური ცენტრების ძირითადი ინტერესის სფერო იყო ინდუსტრიალიზაციასა და ურბანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. ცივი ომის პერიოდში ანალიტიკური ცენტრები ეხმარებოდნენ აშშ-ის მთავრობას ცივი ომის პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში. [2][5][3] ცივი ომის დროს ანალიტიკური ცენტრების ერთგვარი საპირწონე სოციალისტურ ქვეყნებში იყო სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტები.