არქეოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
არქეოლოგია[1] (არქეო – /ბერძ. ἀρχαῖος - ძველი/, რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილი, მიუთითებს მისი შემცველი სიტყვების კავშირს სიძველესთან. მაგ., არქეოგრაფია, არქეოლოგია, არქეოპტერიქსი) — მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის ისტორიულ წარსულს სწავლობს ნივთიერი კულტურის ძეგლების, არტეფაქტების არქიტექტურული ძეგლებისა და ბიოფაქტების მიხედვით.
არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა ადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიის უდიდესი ნაწილის შესასწავლად. არქეოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს დამწერლობიანი ეპოქების ისტორიულად შესასწავლადაც. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების ცნობებს. არქეოლოგთა აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიც.
ნივთიერი ძეგლების მოსაპოვებლად ტარდება არქეოლოგიური გათხრები, რომლებსაც ჩვეულებრივ წინ უძღვის არქეოლოგიური დაზვერვა. განათხარი მასალის შესწავლისას არქეოლოგია ეყრდნობა ნივთიერი ძეგლების ასაკის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის საკუთარ მეთოდებს (იხ. ქვემოთ არქეოლოგიური დათარიღება). ამგვარი შესწავლის შემდეგ არქეოლოგიური ძეგლი ისტორიულ წყაროდ იქცევა. არქეოლოგია ნივთიერი წყაროების მონაცემთა საფუძველზე ახდენს ძველ საზოგადოებათა კულტურულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის რეკონსტრუქციას. ვინაიდან ადამიანთა საზოგადოების ისტორიული განვითარების ყოველ საფეხურზე ნივთიერი კულტურა და ყოფა კანონზომიერადაა დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებასთან.