ასომთავრული
From Wikipedia, the free encyclopedia
ასომთავრული ქართული დამწერლობის უძველესი სახეა. თავად სიტყვა „ასომთავრული“ გვიანდელია და XVI საუკუნიდან გვხვდება, უფრო ადრეულ ძეგლებში იგი „მრგლოვანის“ სახელწოდებითაა ცნობილი — ეს სახელწოდება ასოთა მომრგვალებულ მოხაზულობებზე მიუთითებს.
ასომთავრული დამწერლობითაა შესრულებული ქართული დამწერლობის უძველესი ძეგლები V საუკუნიდან მოყოლებული; დღემდე უძველესად მიიჩნევა პალესტინის[1] და ბოლნისის სიონის წარწერები[2] V და VI საუკუნეებიდან. ასომთავრულადაა შესრულებული აგრეთვე VI-დან IX საუკუნემდე დათარიღებული მცხეთის, უკანგორის, წყისის, ურბნისის წარწერები, აგრეთვე ამ პერიოდში გადაწერილი ქართული ხელნაწერები, მათ შორის უძველესი ქართული პალიმფსესტები, ხანმეტი და ჰაემეტი ძეგლები, სინური მრავალთავი, ადიშის ოთხთავი და სხვა.
IX საუკუნის შემდეგ, როდესაც თანდათან ნუსხური იკიდებს ფეხს და ბატონობს, ასომთავრული დამწერლობის როლი მცირდება, თუმცა იგი მაინც ინარჩუნებს გარკვეულ მნიშვნელობას. კერძოდ, X—XVIII საუკუნეების ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები ძირითადად კვლავ ასომთავრულითაა შესრულებული. გვიანდელი პერიოდის ასომთავრულს გრაფიკული თავისებურებები ახასიათებს და ხშირად დეკორატიულ დატვირთვასაც იძენს. IX საუკუნის შემდგომი პერიოდის ქართულ ხელნაწერებში, რომელთა ძირითადი ტექსტი ნუსხურადაა გადაწერილი, ასომთავრულით შესრულებულია საზედაო ასოები და სათაურები[3]. მთლიანად ასომთავრული ანბანით გადაწერილი ცალკეული ხელნაწერები XI საუკუნემდეც გვხვდება[4].