ბისკაიის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბისკაიის პროვინცია შედის ბასკეთის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 112 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ბისკაიის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან შვიდ კომარკაში: გრან-ბილბაო (26 მუნიციპალიტეტი), ბუსტურიალდეა-ურდაიბაი (20), ურიბე (15), არატია-ნერვიონი (15), დურანგესადო (14), ლეა-არტიბაი (12) და ლას-ენკარტასიონესი (10).
ბისკაიის პროვინციის ფართობია 2217,2 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 152 651 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია ბილბაო, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია კარანსა (137,66 კმ²), ხოლო ყველაზე პატარა — ლანესტოსა (1,25 კმ²)[4].