ბოლნური ჯვარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოლნური ჯვარი — ქრისტიანული ჯვრის ნაირსახეობა, რომლის თანაბარი ზომის მკლავები ბოლოსკენ ფართოვდება. ხშირად წარმოდგენილია წრეში ჩახაზული ფორმით. საქართველოში მისი ყველაზე ადრეული და ამავე დროს ყველაზე ცნობილი გამოსახულება ბოლნისის სიონის ტაძრის ფასადზეა გამოსახული და V საუკუნით თარიღდება. სწორედ მას უკავშირდება ბოლნური ჯვრის სახელწოდებაც. სავარაუდოდ, ჯვრის ეს ფორმა იმპერატორ კონსტანტინე დიდს უნდა უკავშირდებოდეს.
დღეს ბოლნური ჯვარი ერთ-ერთ ქართულ ეროვნულ სიმბოლოდ მიიჩნევა და გამოყენებულია ეროვნულ სიმბოლიკაში (მათ შორის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გერბსა და დროშაზე). მისი მცირედ სახეცვლილი ფორმა კი საქართველოს ე. წ. ხუთჯვრიანი დროშის შემადგენელი ნაწილია. ბოლნური ჯვარი, როგორც სიმბოლო, წმინდა ნინოს ვაზის ჯვართან ერთად გამოიყენება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერაც.