დაო დე ძინი
From Wikipedia, the free encyclopedia
დაო დე ძინი (ჩინ.: გამარტივებული ჩინური: 道德经; ტრადიციული ჩინური: 道德經) — კლასიკური ჩინური ხელნაწერი, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 400 წლისთვის დაიწერა. მიუხედავად იმისა, რომ მის ავტორობას ტრადიციულად ძველ ჩინელ მოაზროვნესა და ფილოსოფოსს, ლაო ძის, მიაწერენ,[1][2] ნაშრომის ავტორის ვინაობა და მისი შექმნის თარიღი დღემდე მკვლევართა დებატის საგანს წარმოადგენს.[3] ტექსტის უძველესი ფრაგმენტი დათარიღებულია ძვ.წ. IV საუკუნით,[4] თუმცა სხვა დანარჩენ ნაწილებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით მიიჩნევენ, რომ იგი შეიკრა სხვა ჩინური კრებულის, ჟუანძის შედგენამდე გაცილებით ადრე.[5]
დაო დე ძინი, ჟუანძისთან ერთად, დაოსიზმის რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობის მთავარ ქვაკუთხედადაა აღიარებული. მან ასევე დიდი გავლენა იქონია ჩინურ ფილოსოფიასა და სხვა რელიგიურ სკოლებზეც, მათგან გამოსარჩევია ლეგალიზმი, კონფუციანელობა და ჩინური ბუდიზმი, რომელიც ძირითადად, ინტერპრეტირებული იყო დაოისტური სიტყვებისა და ცნებების გამოყენებით. დაო დე ძინი - ეს 81 ქვეთავად დაყოფილი 5000-იეროგლიფიანი ნაშრომი - არაერთხელ ქცეულა არა მხოლოდ მწერალთა, არამედ მუსიკოსთა, მხატვართა თუ სხვა ხელოვნების დარგში მოღვაწეთა შთაგონების წყაროდ. მისი გავლენა თანამედროვეობაშიც არ იკლებს და დღესდღეობით იგი ერთ-ერთი ყველაზე თარგმნადი წიგნია მსოფლიო ლიტერატურაში.[4]