ევროპა (თანამგზავრი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპა (იუპიტერი II) — პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი და ყველაზე პატარა 4 გალილეისეული მთვარიდან, მაგრამ ის სიდიდით მეექვსე თანამგზავრია მზის სისტემაში. ევროპა 1610 წელს გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა[12] და შესაძლებელია, მისგან დამოუკიდებლად, ზიმონ მარიუსმაც იმავე დროს. ევროპის პროგრესულად უკეთესი შესწავლა საუკუნეების მანძილზე დედამიწაზე არსებული ტელესკოპებით ხდებოდა, ხოლო შემდეგ კოსმოსური მისიებით, რომლებიც 1970-იან წლებში ხორციელდებოდა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ევროპა (თანამგზავრი)“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ევროპა (თანამგზავრი) ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ევროპის ნახევარსფერო თითქმის ბუნებრივ ფერებში. შესამჩნევი კრატერი დაბლა, მარჯვნივ არის პუილი. უფრო მუქი რეგიონები არის ის ადგილები, სადაც ევროპის წყლის ყინულით დაფარულ ზედაპირს მინერალების მაღალი შემცველობა აქვს. ფოტო გადაღებულია 1996 წლის 7 სექტემბერს გალილეოს ზონდის მიერ. | |
ორბიტალური მახასიათებლები[1] | |
---|---|
პერიაფსისი[2] | 664 862 კმ. |
აპოაფსისი[3] | 670 900 კმ. |
ექსცენტრისიტეტი[4] | 0,009 |
საშუალო ორბიტალური სიჩქარე[4] | 13,740 კმ/წმ |
ორბიტის საშუალო რადიუსი[4] | 670 900 კმ. |
ორბიტალური პერიოდი | 181 დღე[4] |
დახრილობა | 0,470° (იუპიტერის ეკვატორის მიმართ)[4] |
თანამგზავრია | იუპიტერისა |
ფიზიკური მახასიათებლები | |
საშუალო რადიუსი | 1560,8 ± 0,5 კმ. (0,245 დედამიწისა)[5] |
ზედაპირის ფართობი | 3,09×107 კმ2[6] (0,061 დედამიწისა) |
მოცულობა | 1,593×1010 კმ3[7] (0,015 დედამიწისა) |
მასა | (4,799844 ± 0,000013)×1022 კგ. (0,008 დედამიწისა)[5] |
საშუალო სიმკვრივე | 3,013 ± 0,005 გ/სმ3[5] |
ზედაპირის გრავიტაცია | 1,314 მ/წმ2[8] |
კოსმოსური სიჩქარე | 2.025 კმ/წმ [9] |
ბრუნვის პერიოდი | სინქრონული[10] |
ღერძის დახრილობა | 0,1°[11] |
ზედაპირის ტემპერატურა |
მინ.≈50 K საშ. ≈102 K (-171,15°C) მაქს. ≈125 K |
ევროპა მთვარეზე ოდნავ მცირეა. ის ძირითადად სილიკატური ქვისაგან შედგება და დიდი ალბათობით, მას რკინის ბირთვი აქვს. მას გათხელებული ატმოსფერო აქვს, რომელიც უმეტესად ჟანგბადისაგან შედგება. მისი ზედაპირი წყლის ყინულისაგან შედგება და მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გლუვია.[13] ეს ზედაპირი „დაკაწრულია“ ნაპრალებითა და ზოლებით, ხოლო კრატერები შედარებით იშვიათია. ზედაპირის ასეთმა აშკარა ახალგაზრდობამ და სიგლუვემ წარმოშვა ჰიპოთეზა, რომ მის ქვეშ არსებობს ოკეანე, სადაც შესაძლებელია არამიწიერი სიცოცხლე არსებობდეს.[14] ამ ჰიპოთეზის თანახმად, იუპიტერის გრავიტაციის მიერ ევროპის გაწელვის შედეგად მიღებული სითბო ხელს უწყობს ოკეანეს, რომ იყოს თხევადი და წარმართავს ისეთივე გეოლოგიურ აქტივობებს, როგორიცაა დედამიწაზე ფილების ტექტონიკა.[15] 2014 წლის 8 სექტემბერს ნასამ განაცხადა, რომ მათ იპოვეს მტკიცებულება, რომლითაც ადრე გაკეთებული განცხადება ევროპის სქელი ყინულის გარსის ქვეშ ფილების ტექტონიკის შესახებ დაამტკიცეს — ასეთი გეოლოგიური აქტივობის პირველი ნიშანი დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზე (ამ შემთხვევაში თანამგზავრზე).[16]
2013 წლის დეკემბერში ნასამ განაცხადა „თიხის მსგავსი მინერალების“ (განსაკუთრებით ფილოსილიკატები) აღმოჩენის შესახებ ევროპის ყინულოვან ქერქზე, რომლებიც ხშირად ასოცირდება „ორგანულ მატერიასთან“.[17] გარდა ამისა, ნასამ ჰაბლის ტელესკოპის დახმარებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე განაცხადა წყლის ორთქლის პლუმაჟების აღმოჩენა ევროპაზე, რომელიც სატურნის მთვარე ენცელადზე აღმოჩენილ წყლის ორთქლის პლუმაჟებს წააგავდა.[18]
1989 წელს გაშვებული გალილეოს მისიამ ევროპაზე არსებული ამჟამინდელი მონაცემების დიდი ნაწილი უზრუნველყო. მართალია, არც ერთი კოსმოსური ხომალდი არ დამჯდარა ევროპის ზედაპირზე, მაგრამ მისმა დამაინტრიგებელმა მახასიათებლებმა რამდენიმე ამბიციური კვლევითი წინადადება წარმოშვა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს „იუპიტერის ყინულოვანი მთვარის მკვლევარი“ (Jupiter Icy Moon Explorer - JUICE) არის მისია ევროპაზე, რომლის განხორციელება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი.[19] ნასა კი გეგმავს რობოტულ მისიას, რომელიც „შუა 2020-იანებში“ გაეშვება.[20]