ეკოსისტემა
From Wikipedia, the free encyclopedia
ეკოსისტემა — ცოცხალი ორგანიზმებითა და მათი საბინადრო გარემოთი წარმოქმნილი ბუნებრივი კომპლექსი. ტერმინი შემოიღო ა. ტენსლიმ 1935 წელს. ეკოსისტემის შესწავლის მიზანია აბიოტურ ფაქტორებთან ერთად ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფლობის პროცესში ნივთიერებათა წარმოქმნის, ცირკულაციის, დაგროვებისა და ტრანსფორმაციის გამოკვლევა. ეკოსისტემა თვითრეგულირებადი, ღია სისტემაა. განარჩევენ მიკრო, მეზო და მაკროეკოსისტემებს. ეკოსისტემათა ურთიერთკავშირი ქმნის ბიოსფეროს.
ეკოსისტემაში შემავალ ცოცხალ ორგანიზმებსა და იმ გარემო პირობებს შორის, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, განუწყვეტელი ურთიერთკავშირია – მუდმივად ხდება ნივთიერებათა ცვლა. ეკოსისტემა შეიძლება ჩამოყალიბდეს ბუნებრივად ან ადამიანის ზემოქმედებით. ბუნებრივი ეკოსისტემებია: ტბა, ტყე, ველი, ჭაობი და სხვ. ხელოვნური ეკოსისტემაა მაგალითად ქალაქი, სოფელი და ა. შ.
ზოგიერთი ეკოსისტემის არსებობა მხოლოდ ხანმოკლე პერიოდს გულისხმობს, ზოგი ეკოსისტემა კი მაგალითად, — ტყე რამდენიმე ასეული წელი შეიძლება არსებობდეს. ეკოსისტემისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ორგანიზმების არსებობა, რადგან თითოეული მათგანი მასში სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს.
სასოფლო–სამეუნრნეო კულტურებისაგან შემდგარ ეკოსისტემებს აგროეკოსისტემები (ბერძ. agros – მინდორი) ჰქვია.
ეკოსისტემაში მთავარია კვებითი ჯაჭვი, რადგან თუ კი მისი უმცირესი კომპონენტი განადგურდება ეკოსისტემას საფრთხე ემუქრება.