From Wikipedia, the free encyclopedia
ერკოლე II დ’ესტე (დ. 5 აპრილი 1508 — გ. 3 ოქტომბერი 1559) — ალფონსო I-ისა და ლუკრეცია ბორჯიას ვაჟი, რომის პაპ ალექსანდრე VI-ის შვილიშვილი. ფერარის, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგი 1534-1559 წლებში.
ერკოლე II დ’ესტე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 აპრილი 1508 |
გარდაცვალების თარიღი | 3 ოქტომბერი 1559 (51 წლის) |
ეროვნება | იტალიელი |
წოდება |
ფერარის, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგი (1534-1559) |
წინამორბედი | ალფონსო I დ’ესტე |
მემკვიდრე | ალფონსო II დ’ესტე |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | რენე დე ვალუა |
მშობლები |
მამა: ალფონსო I დ’ესტე დედა: ლუკრეცია ბორჯია |
დედის ხაზით იგი იყო რომის პაპ ალექსანდრე VI-ის შვილიშვილი, ჩეზარე ბორჯიას დიშვილი და წმინდა ფრანცისკე ბორჯიას ბიძაშვილი. მამის ხაზით კი იგი იყო იზაბელა დ'ესტეს, ე.წ. "რენესანსის პირველი ქალბატონისა" და აგრეთვე კარდინალ იპოლიტო დ'ესტეს ძმიშვილი. მისი და-ძმები იყვნენ მილანის მთავარეპისკოპოსი და კარდინალი იპოლიტო დ'ესტე, აგრეთვე პრინცესა ელეონორა და მასალობრადას მარკიზი ფრანჩესკო. დედის ხაზით მას ჰყავდა ორი უფროსი ნახევარ-ძმა, ბესკელიეს ჰერცოგი ალფონსო არაგონელი და ჯოვანი ბორჯია.
1528 წელს იგი დაქორწინდა საფრანგეთის მეფე ლუი XII-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ანა ბრეტონელის ნაბოლარა ქალიშვილ რენე დე ვალუაზე. ცოლის საოცარმა მზითვებმა მას უამრავი პრივილეგია და საშუალება მისცა. ფერარის საჰერცოგო ვალებიდან ამოვიდა, ერკოლემ კი მასში ხელოვნების აღორძინება დაიწყო. 1531 წელს დაიბადა მათი პირველი შვილი, ანა დ’ესტე, რომელიც ფრანსუა დე გიზს გაჰყვა ცოლად, ამას მოჰყვა 1533 წელს პირველი ვაჟი ალფონსო დ’ესტე, 1535 წელს დაიბადა ლუკრეცია დ’ესტე, რომელიც შემდგომში ურბინოს ჰერცოგს გაჰყვა ცოლად, 1537 წელს დაიბადა ელეონორა, 1538 წელს კი ლუიჯი დ’ესტე.
1534 წელს ერკოლე ფერარის, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგი გახდა. იგი მეტად მძიმე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. 1543 წლამდე იგი იმყოფებოდა საფრანგეთის გავლენის ქვეშ, აგრეთვე ძლიერი იყო კურიის გავლენებიც. კურიის მხრიდან ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა რაც მისი ცოლი, რენე დე ვალუა ამხილეს კალვინიზმში. რენე ინკვიზიციას უნდა დაესაჯა, თუმცა ვინაიდან ამ დროს იგი უკვე საფრანგეთის მეფე ანრი II-ის დეიდა იყო, მხოლოდ რელიგიის შეცვლით შემოიფარგლნენ. 1554 წელს რენემ აღიარა რომ იგი კალვინისტი იყო და კათოლიციზმზე მოექცა.
ერკოლე მხარს უჭერდა რომის პაპ პავლე IV-ის პროფრანგულ და ამავდროულად ანტიესპანურ პოლიტიკას, რომელიც 1558 წლამდე გრძელდებოდა. იგი ასევე იყო ხელოვნების ძლიერი მფარველი. აგრეთვე ზრუნავდა უმცროს ძმაზე, კარდინალ იპოლიტოზე. ცნობილია, რომ ერკოლემ იპოლიტოს ესტეს ვილა აუშენა ტივოლში.
ერკოლე II გარდაიცვალა 1559 წლის 3 ოქტომბერს, 51 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ცოლი კვლავ მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდა.
წინამორბედი: ალფონსო I დ’ესტე |
ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგი 1534-1559 |
შემდეგი: ალფონსო II დ’ესტე |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.