From Wikipedia, the free encyclopedia
ილირიის სამეფო — ქვეყანა, რომელიც არსებობდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში ანტიკურ დროს და წარმოადგენდა ილირიელთა ტომების ალიანსს.[1] [2] [3]
სამხრეთ ილირიაში ორგანიზებული სამეფოები ფორმირდა უფრო ადრე, ვიდრე ამ რეგიონის სხვა ადგილებში. რაც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ილირიული დინასტია იყო "ენჩელეის" დინასტია, რომელმაც ჩანს, რომ თავისი ძლიერების სიმაღლეს მიაღწია ძვ. წ. მე-8 და მე-7 საუკუნეებში, მაგრამ ის ჩამოცილდა ძალაუფლებას დაახლოებით ძვ. წ. მე-6 საუკუნეში.[4] როგორც ჩანს, "ენჩელეების" დინასტიის დასუსტებამ გამოიწვია მათი ასიმილაცია და ჩართვა ახლად დაარსებულ ილირიულ სამეფოში ძვ. წ. მე-5 საუკუნის ბოლოს. მიიჩნევა, რომ "ელჩელეი" ჩაანაცვლა "დასარეტიის" დინასტიამ დაახლოებით დღევანდელი ოჰრიდის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე.[5]
"ენჩელეის" სამეფოს დასუსტება, ასევე გამოწვეული იყო მის სიახლოვეს შექმნილი კიდევ ერთი ილირიული დინასტიის - "ტაულანტიის" გაძლიერებით. ეს ორი დინასტია დაახლოებით ერთი და იმავე დროს მოღვაწეობდა.[6] "ტაულანტიის" ხალხები, რომლებიც იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე ძველი ილირიული ტომები, ცხოვრობდნენ სამხრეთ ილირიის (თანამედროვე ალბანეთის) ადრიატიკის სანაპიროზე და სხვადასხვა დროს ზეობდნენ მდინარეების, დრინის და ვიოსას დაბლობზე, რაც შეადგენდა დღევანდელი ქალაქ დურესის მიმდებარე ტერიტორიას.[7] როდესაც ისტორიკოსი პოლიენუსი აღწერდა ძველ მაკედონიაში (რომელსაც მართავდა არგეუს I), სადღაც ძვ. წ. 678-640 წლების ილირიელთა შემოსევებს, მან ილირიელთა ყველაზე ძველ მეფედ მიუთითა გალაურუსი, "ტაულანტიის" მმართველი, რომელიც მეფობდა ძვ. წ. მე-7 საუკუნის ბოლოს.[8] [9] [10] [11] არის თუ არა, ეს ისტორიული ანგარიში სანდო და, მიუხედავად პოლიენუსის უცნობი ბიოგრაფიული წვრილმანების მიმართ ინტერესისა, ასევე, თუკი თანამედროვე კვლევაში არგეუს I-ის მეფობის თარიღის შესახებ კონსენსუსი სწორია, ის, შესაბამისად, გულისხმობს მთელ ანტიკურ ხანაში ფართოდ გავრცელებულ აზრს ძვ. წ. მე-7 საუკუნეში მაკედონელებსა და ილირიელებს შორის ჩამოგდებული საყურადღებო მტრობის შესახებ.[12] [13] ძვ. წ. მე-7 საუკუნეში, "ტაულანტიებმა" დახმარება აღმოუჩინეს "კერკირასა" და "კორინთს" "ლიბურნის" ტომების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, დამარცხებისა და "ლიბურნის" რეგიონიდან განდევნის შემდეგ, "კერკირაელებმა" ძვ. წ. 627 წელს, ილირიის ყველაზე დიდ კუნძულზე დააარსეს კოლონია, სახელწოდებით - ეპიდამნუსი, რომელიც, თავის მხრივ, ილირიელთა მეფის სახელი ეგონათ.[14] გაჩნდა კომერციული ცენტრი, რომელიც ყვაოდა, ხოლო ქალაქი სწრაფად ვითარდებოდა. "ტაულანტიებმა" განაგრძეს მნიშვნელოვანი როლის შესრულება ძვ. წ. მე-5 და ძვ. წ. მე-3 საუკუნეებს შორის ილირიელთა, კერძოდ კი, ეპიდამნუსის ისტორიაში, რამდენადაც ეს ორი უკანასკნელი იყვნენ ერთმანეთის მეზობლები.[15] "ტაულანტიების" დინასტიამ, ჩანს, რომ თავისი ძლიერების კულმინაციას მიაღწია გლაუკიას მმართველობის დროს, დაახლოებით ძვ. წ. 335 და 302 წლებს შორის.[16] [17] [18]
ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერის აზრით, მეფე ბარდილისის მიერ დაარსებული დინასტია, როგორც "დარდანის" ხალხების (სამეფოს) პირველი დადასტურებული დინასტია, ფაქტობრივად იყო იგივე "დასარეტიის" დინასტია.[19] [20] [21] ასევე, არსებობს კიდევ ერთი ისტორიული რეკონსტრუქცია, მიიჩნევს რა მეფე ბარდილისს "დარდანის" სამეფოს მმართველად, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მოაქცია "დასარეტიის" ხალხები, მაგრამ ეს მოსაზრება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ისტორიკოსებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "დარდანია", მეფე ბარდილისის და მისი დინასტიიდან ძალიან შორს, ჩრდილოეთით მდებარეობდა და, ამდენად, მათ შეხება არ უნდა ჰქონოდათ ერთმანეთთან.[22] [23] [24]
მას შემდეგ, რაც ფილიპე II მაკედონელმა დაამარცხა ბარდილისი (ძვ. წ. 358 წელს), გრაბოს II-ის მეთაურობით, "გრაბაი" გახდა უძლიერესი სახელმწიფო ილირიაში. ფილიპე II-მ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა, მოკლა 7000 ილირიელი და განახორციელა ოჰრიდის ტბამდე ტერიტორიის ანექსია. შემდეგ კი, იგი წავიდა "არდიაის" მიმართულებით, დაამარცხა "ტრიბალი" (ძვ. წ. 339 წელს) და შეებრძოლა მეფე პლევრიას (ძვ. წ. 337 წელს). ამის შემდეგ, მისმა მემკვიდრემ, ალექსანდრე დიდმა მარცხი აგემა ილირიელთა მეთაურის, კლიტუსის ძალებს ძვ. წ. 335 წელს. აღსანიშნავია, რომ ილირიელი ჯარისკაცები და ლიდერები მონაწილეობას იღებდნენ ალექსანდრე დიდის მიერ სპარსეთის დაპყრობაში. ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავრის სიკვდილის შემდეგ, ილირიულ ტომებს აღმავლობის ხანა დაუდგათ და გადაწყვიტეს მაკედონელების უღლისგან თავის დაღწევა. აქედან მოყოლებული, ძვ. წ. 312 წელს მეფე გლაუკიუსმა შეძლო და გააძევა ბერძნები დურესიდან.[25]
ძვ. წ. მე-3 საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში, ჩანს, რომ რამდენიმე ილირიული ტომი გაერთიანდა პროტო-სახელმწიფოს შესაქმნელად, რომელიც გადაჭიმული იყო თანამედროვე ალბანეთის ცენტრალური ნაწილიდან ჰერცეგოვინაში მდინარე ნერეტვამდე. პოლიტიკური ერთობა მეკობრეობით ფინანსდებოდა და მეფე აგრონი მართავდა მას ძვ. წ. 250 წლიდან. აგრონის მემკვიდრე გახდა მისი ცოლი ტევტა, რომელმაც, ძვ. წ. 231 წელს მეფის გარდაცვალების შემდეგ, თავისი გერის, პინესისთვის შემოიღო რეგენტის მმართველობა.[26] დედოფალი ტევტა განთქმული იყო რომაელთა წინააღმდეგ ომებით.
მდინარე ნერეტვას დელტასთან, "დაორების" ილირიელთა ტომზე შეინიშნებოდა ძლიერი ელინისტური გავლენა. მათი დედაქალაქი იყო დაორსონი, რომელიც მდებარეობდა ოშანიჩში, სტოლაკთან ახლოს, ჰერცეგოვინაში. ის გახდა კლასიკური ილირიული კულტურის მთავარი ცენტრი. დაორსონი, ძვ. წ. მე-4 საუკუნის განმავლობაში, გარშემორტყმული იყო მეგალითებით, ანუ 5 მეტრიანი მაღალი ქვის კედლებით. "დაორები", ასევე, ქმნიდნენ უნიკალურ ბრინჯაოს მონეტებსა და ქანდაკებებს. ილირიელებმა დაიპყრეს კიდეც ბერძნული კოლონიები დალმაციის კუნძულებზე.
ილირიის სამეფო შედგებოდა ილირიის რეგიონს შიგნით არსებული მცირე ტერიტორიებისგან. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რომაელები მართავდნენ მთელ რეგიონს. სამხრეთ ილირიული სამეფოს შიდა მოწყობა მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ბაძავდნენ ბერძნულ სამეფოებს და მათ განიცადეს კიდეც ბერძნებისა და ელინისტური სამყაროს გავლენა, განსაკუთრებით ქალაქური ცენტრების ზრდის მიმართულებით.[27] ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი წარმოგვიდგენს ილირიული სამეფოს შიგნით არსებული საზოგადოების სურათს, როგორც არისტოკრატიის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ გლეხების ქვეით ჯარს, რომელსაც ის უწოდებს ბერძნულ პოლიდინასტეს (ბერძნულად: Πολυδυνάστες). ამ უკანასკნელში თითოეული არისტოკრატი აკონტროლბდა თითო ქალაქს სამეფოს ტერიტორიაზე.[28] მონარქია დაარსებული იყო მემკვიდრეობითი ხაზის საფუძველზე და ილირიელი მმართველები ქორწინებებს იყენებდნენ სხვა ძალებთან ალიანსების შესაქმნელად.[29] ისტორიკოსი და ფილოსოფოსი პლინიუსი (ახ. წ. 23-79 წწ.) წერს, რომ ხალხი, რომელიც ილირიელთა სამეფოს ბირთვს შეადგენდნენ, იყვნენ "საკუთრივ ილირიელები".[30] კერძოდ, ესენი იყვნენ: "ტაულანტიები", "პლერაიები", "ენდირუდინიები", "სასაიები", "გრაბაიები" და "ლაბეატალები". მოგვიანებით, მათ შეუერთდნენ "დოქლეატაები".[31]
ილირიელების უკანასკნელი ცნობილი მეფე იყო ბალაიოსი, რომელიც, რომაული ოკუპაციის შემდგომ, ძვ. წ. 167 წლიდან ძვ. წ. 135 წლამდე პერიოდში, მართავდა ქალაქ რიზონს და მის გარშემო ტერიტორიებს.[32]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.