ისტრიე
From Wikipedia, the free encyclopedia
ისტრიე[1] (ბერძ. ’Ιστρίη ან ῎Ιστρος, ლათ. Histria, Histrum) — ძველი ბერძნული და რომაულ-ადრეფეოდალური ქალაქი დუნაის ქვემო წელზე (სახელი მომდინარეობს დუნაის ბერძნული სახელიდან Ιστρος). დასავლეთი შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი. ისტრიეს ნაშთები მდებარეობს რუმინულ დობრუჯაში, დუნაის სამხრეთ ტოტთან დაკავშირებული სინოეს ტბის ნაპირზე.[2]
ისტრიე | |
---|---|
ბერძ. ’Ιστρίη | |
პანორამა | |
ქვეყანა | რუმინეთი |
კოორდინატები | 44°32′51″ ჩ. გ. 28°46′29″ ა. გ. |
მონაცემები | |
ტიპი | ქალაქი |
ფართობი | 0,82 კმ² |
ისტორია | |
დაარსების დრო | ძვ. წ. 657/656 ან დაახლ. 630 |
მიტოვების დრო | VII საუკუნის ბოლო |
კულტურები | ბერძნული, რომაული |
აღმოჩენის წელი | 1868 |
ისტრიე ვიკისაწყობში |
დაარსდა ძვ. წ. VII ს. II ნახევარში. აყვავებას მიაღწია ძვ. წ. VI–V საუკუნეებში. ძვ. წ. I საუკუნის შუა წლებში ისტრიე დაიპყრეს გეტებმა, ხოლო ძვ. წ. 27 წელს იგი რომის იმპერიაში შევიდა. III საუკუნეში ისტრიე გაანადგურეს გუთებმა, მაგრამ მალე აღდგა და იარსება VII საუკუნემდე. ამ დროისათვის სანაპირო მოისილა და ქალაქმა დაკარგა ზღვაზე გასასვლელი, რის შედეგადაც დაქვეითდა მისი, როგორც სავაჭრო ცენტრის, მნიშვნელობა და ისტრიე თანდათან დაცარიელდა. 1914 წლიდან აქ ხანგამოშვებით მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები რის შედეგადაც აღმოჩნდა ზღუდის (ძვ. წ. IV ს.), აფროდიტეს ტაძრის (ძვ. წ. V ს.), თერმების (III–IV სს.), საცხოვრებელ ნაგებობათა და სხვა ნაშთები. ამჟამად ისტრიე არქეოლოგიურ ნაკრძალად ითვლება.[1]