კიანტი (ღვინო)
From Wikipedia, the free encyclopedia
კიანტი ეწოდება ნებისმიერ ღვინოს, რომელიც ცენტრალურ ტოსკანაში მდებარე კიანტის რეგიონშია წარმოებული. ის ისტორიულად ასოცირებულია ფიასკოსთან (fiasco იტალ. მათარა). ის ერთგვარი მრგვალი სხეულისა და ქვედანაწილის მქონე ბოთლია, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ ჩალის კალათი ფარავს. თუმცა დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე მწარმოებელიღა თუ იყენებს ფიასკოს და კიანტის ღვინოთა უმრავლესობა უფრო სტანდარტული ფორმის ბოთლებშია ჩამოსხმული. მე-19 საუკუნის შუაში, ბარონმა ბეტინო რიკასოლიმ (მოგვიანებით იტალიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი) შექმნა კიანტის რეცეპტი, რომელიც სანჯიოვესეს (70%), კანაიოლოს (15%) და მალვასია ბიანკას (15%) ჯიშის ყურძნებისგან შედგებოდა.[1]
1970-იანი წლებიდან, მწარმოებლებმა კიანტიში თეთრი ყურძნის შემცველობის შემცირება დაიწყეს. 1995 წელს, 100% სანჯიოვესეს ჯიშის ყურძნებით კიანტის დამზადება ლეგალური გახდა. იმისათვის რომ ღვინო კიანტიდ იწოდებოდეს, მასში სანჯიოვესეს ყურძნების შემცველობა მინიმუმ 80%-ს უნდა შეადგენდეს.[2] დაძველებული კიანტი (4-7 თვის ნაცვლად 38 თვის) შესაძლოა მარკირებული იყოს როგორც რიზერვა. კიანტი რომელიც უფრო მკაცრ მოთხოვნებს (მეტი ალკოჰოლის შემცველობა, სიმშრალე და ა.შ) აკმაყოფილებს, შესაძლოა დახარისხებული იყოს როგორც კიანტი სუპერიორე.