From Wikipedia, the free encyclopedia
კორეგიდორი (ტაგალ. Pulo ng Corregidor) ― კუნძული მანილის ყურეში, ლუსონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ფილიპინებში. სტრატეგიული მდებაროების გამო, წლების მანძილზე კორეგიდორი ფორტიფიცირებული კუნძული იყო და მანილის ყურეში შესასვლელისა და საბრძოლო ხომალდებისაგან მანილის დასაცავად გამოიყენებოდა, რომელიც ქვეყნის უდიდესი ქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო ნავსადგური იყო საუკუნეების მანძილზე, მათ შორის, ესპანელთა, იაპონელთა და ამერიკელთა მმართველობის პერიოდში და ფილიპინების მესამე რესპუბლიკის დაარსების შემდეგაც.
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | მანილის ყურე |
კოორდინატები | 14°23′08″ ჩ. გ. 120°34′23″ ა. გ. |
ფართობი | 5.49 კმ² |
სიგრძე | 6.5 კმ |
სიგანე | 2.0 კმ |
პროვინცია | კავიტე[1] |
ქალაქი | კავიტე |
დემოგრაფია | |
ეთნიკური ჯგუფები | ტაგალები |
ამერიკული მმართველობის პერიოდში კორეგიდორი (Fort Mills) კუნძულ ელ-ფრაილთან (Fort Drum), კაბალიოსთან (Fort Hughes) და კარაბაოსთან (Fort Frank) ერთად ფორტიფიცირებულ კუნძულთა ჯგუფს ქმნიდა, რომელიც მანილისა და სუბიკის ყურის თავდაცვას უზრუნველყოფდა. კუნძულზე პატარა სამხედრო აეროდრომიც იყო განთავსებული.
მეორე მსოფლიო ომის დროს კორეგიდორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფილიპინებში შეჭრასა და იაპონიის საიმპერატორო ძალებისგან გათავისუფლებაში. კუნძული არაერთხელ დაიბომბა. ნანგრევები ომში დაღუპული ამერიკელი, ფილიპინელი და იაპონელი ჯარისკაცების მემორიალს წარმოადგენს. კორეგიდორი ფილიპინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული და ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
მიუხედავად ბატაანის სამხრეთ სანაპიროსთან სიახლოვისა, კორეგიდორი მანილის ყურის სხვა ფორტიფიცირებულ კუნძულებთან ერთად ქალაქ კავიტეს იურისდიქციის ქვეშაა.[1][2][3] კლდოვანი ლანდშაფტისა და ფორტიფიკაციის მასშტაბების გამო, კორეგიდორი ასევე ცნობილია, როგორც „კლდე“. კუნძულ კაბალიოსთან ერთად, რომელიც კორეგიდორიდან 1.7 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, კორეგიდორი მანილის ყურეში შესასვლელს ჩრდილოეთ და სამხრეთ არხებად ჰყოფს.
კორეგიდორს თავკომბალას ფორმა აქვს. კუდი აღმოსავლეთისკენაა მიმართული. კუნძული დაახლოებით 6.5 კმ-ის სიგრძისაა, ხოლო ყველაზე ფართო წერტილში სიგანე 2 კმ-ს აღწევს. საერთო ფართობი 900 ჰექტარია (2 200 აკრი). კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 180 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[4] კუნძული ოთხ განყოფილებად იყოფა:
ზედა მხარე ― კუნძულის უდიდესი ტერიტორია, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვისკენ მიემართება. ძირითადად ფართო დაბლობ ტერიტორიას მოიცავს. ამ ნაწილში კუნძულის ფორტიფიცირებული საკომუნიკაციო ცენტრი, არმიის შტაბ-ბინა, ყაზარმები, თეატრი, ჩოგბურთის მოედნები, საცურაო აუზი, საარტილერიო ბატარეების დიდი ნაწილი და სხვა შენობა-ნაგებობები იყო განთავსებული.
შუა მხარე მცირე პლატოა, რომელიც ქვედა და ზედა მხარეს შორის მდებარეობს. ამ ნაწილში ოფიცერთა ორგანყოფილებიანი ოფისები, ყაზარმები, საავადმყოფო, ორი სკოლა (ერთი ფილიპინელ ჯარისკაცთა შვილებისთვის, მეორე ― ამერიკელი ჯარისკაცების შვილებისთვის) და სხვა დაწესებულებები მდებარეობდა.
ქვედა მხარე კუნძულის ქვემო ნაწილი, იმ ტერიტორიებს მოიცავს, რომლებიც კუნძულის თავსა და კუდს ერთმანეთთან აკავშირებს. ქვედა მხარის სამხრეთ ნაწილში სან-ხოსეს ბარანგაი მდებარეობდა, ჩრდილოეთით ― არმიის ნავსადგური, ხოლო აღმოსავლეთით ― მალინტას გვირაბი. ქვედა მხარეს კუდის მხარისგან მალინტას ბორცვი გამოყოფს.[5]
კუდის მხარეში სხვადასხვა მემორიალი და აკლდამა მდებარეობს. Kindley Field 1920-იანი წლების დასაწყისში აშშ-ის არმიის საჰაერო ძალების გმირის პატივსაცემად აშენდა. აეროდრომს აშშ-ის არმია განაგებდა.[6][7][8]
კორეგიდორი და კაბალაო ვულკანური კრატერის ნაშთებს წარმოადგენენ. კორეგიდორის კალდერა უკანასკნელად მილიონი წლის წინ იყო აქტიური. მიუხედავად ამისა, ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტი კორეგიდორს დღემდე პოტენციურად აქტიურ ვულკანად თვლის.[9]
კუნძული ესპანელთა სუვერენიტეტის ქვეშ 1570 წლის 19 მაისს გადავიდა, როდესაც მიგელ ლოპეს დე ლეგასპიმ და მისმა ჯარებმა მანილის ყურე დაიკავეს. ლეგასპიმ ესპანეთის გვირგვინის ქვეშ ფილიპინების დედაქალაქად მანილა გამოაცხადა და ლუსონისა და მინდანაოს მუსლიმები ქრისტიანობაზე მოაქცია.
ესპანელთა მმართველობის პერიოდში კორეგიდორი არა მხოლოდ თავდაცვითი ციხესიმაგრის, არამედ სადამსჯელო ინსტიტუტისა და საბაჟო მეთვალყურეობის სადგურის ფუნქციასაც ასრულებდა და მანილისთვის სასიგნალო საგუშაგოსაც წარმოადგენდა. კორეგიდორის სახელწოდება წარმოდგება ესპანური სიტყვიდან corregir, რაც „შესწორებას“ ნიშნავს. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, კუნძულს ისლა-დელ-კორეგიდორი („კორექტორის კუნძული“) ეწოდებოდა, ესპანური საბაჟო სისტემის გამო, რომლის თანახმადაც მანილის ყურეში შემავალი ყველა ხომალდი უნდა გაჩერებულიყო, დოკუმენტები შეემოწმებინათ და „შეესწორებინათ“. სხვა ვერსიით, კუნძული პენიტენციური ან გამოსასწორებელი ინსტიტუტის ფუნქციას ასრულებას და ელ-კორეგიდორი ეწოდებოდა.[10] კორეგიდორი ესპანეთის ადმინისტრაციულ სტრუქტურაში სპეციალურ პოზიციასაც აღნიშნავდა - ტერიტორიული ერთეულის, კორეგიმიენტოს ხელმძღვანელს.[11] კუნძულის ძველი სახელწოდება ისლა-დელ-კორეგიდორი „კორეგიდორის კუნძულს“ ნიშნავს.
1574 წელს კორეგიდორსა და მარიველესში ჩინელი მეკობრის, ლიმაჰონგის 65 გემისა და 3 000 მეომრისგან შემდგარი ფლოტი ჩავიდა, საიდანაც მანილისკენ ორი წარმატებული ლაშქრობა მოაწყვეს. საბოლოოდ, მეკობრეთა შეტევები მრისხანე თავდაცვითი ბრძოლების შემდეგ გუბერნატორმა ხუან დე სალსედომ მოიგერია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.