კუბის სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
კუბის სამზარეულო (ესპ. Gastronomía de Cuba) — ტრადიციული კუბური კერძების ერთობლიობა, რომელიც შეიქმნა ესპანური, აფრიკული და კარიბული გასტრონომიების შერწყმით. კუბელები ასევე ინარჩუნებენ იმ კულინარიულ ტრადიციებსა და ტექნიკებს, რომლებიც მათ ადგილობრივმა ინდიელებმა დაუტოვეს. მოგვიანებით მას კარგად შეერწყა ესპანური და აფრიკული სამზარეულოები, რამაც მოგვცა თანამედროვე კუბის გასტრონომია. აღსანიშნავია, რომ კუბაში აფრიკულმა წეს-ჩვეულებებმა ესპანელების მიერ ჩაყვანილმა შავკანიანი მონების წყალობით ჩააღწია, რომელთაც შაქრის ლერწმის პლანტაციებში ამუშავებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი უმცირესობაში იყვნენ, მაინც მოახერხეს ადგილობრივ სამზარეულოზე დიდი გავლენის მოხდენა.
თამბაქოს პლანტაციებში ძირითადად კანარებიდან წასული ღარიბი ესპანელი იმიგრანტები მუშაობდნენ. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში კი შეიმჩნევა ჰაიტიდან და სხვა კარიბებიდან წამოსული ფრანგი იმიგრანტების დიდი რიცხვი, რომელთაც სამშობლო ძირითადად ჰაიტის რევოლუციის შემდეგ დატოვეს და კუბაში გაიქცნენ. ამის გამო კუბურ სამზარეულოზე დიდია ფრანგული გასტრონომიის გავლენაც. აქ ჩასულმა ფრანგებმა ძირითადად მათი კერძების დახვეწასა და გამრავალფეროვნებაზე იქონიეს ზეგავლენა. სწორედ მათ გამოიგონეს ცნობილი კუბური დესერტი, ბანანის ფლანი.
კუბაში ჩასულმა ევროპელებმა მრავალი ახალი პროდუქტი გაიცნეს, რომელთაც ადგილობრივები საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდნენ, მაგალითად: გორგლი, იუკა, ტკბილი კარტოფილი, ბამია, გოგრა, გუავა, სიმინდი და ჩილის წიწაკა, რომელსაც აქ კუბური წიწაკა ჰქვია. კარიბის ზღვაში მდებარე კუბა ერთობ მდიდარია ზღვის პროდუქტებით. მათ კერძებში გამოყენებული თევზების სრული სია საკმაოდ გრძელია, თუმცა გამოარჩევენ: ზვიგენებს, ხმალთევზებს, კავამებს, კალმახს, ქორჭილასა და გრუპერებს. კუბელები ასევე იყენებენ არა მხოლოდ ფრინველების, არამედ დიდი ქვეწარმავლების ხორცს, როგორებიცაა: იგუანა და კუბური ნიანგი.
ესპანელმა კოლონიზატორებმა ზუსტად აღწერეს კუბური ტრადიციული კერძების რეცეპტები, რომელთაგანაც განსაკუთრებულად კასაბესა და ახიაკოს გამოყოფდნენ.