ლევან მარუაშვილი
ქართველი გეოგრაფი და მთამსვლელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ლევან იოსების ძე მარუაშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1912, ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი, — გ. 5 დეკემბერი, 1992, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი, მთამსვლელი და ჟურნალისტი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1965), საქართველოს სსრ (1966) და აფხაზეთის ასსრ (1984) მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი (1956–1992). 1938–52 წლებში მუშაობდა ქუთაისისა და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში უფროს მასწავლებლად.[1][2]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ლევან მარუაშვილი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ლევან მარუაშვილი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარუაშვილი. |
ლევან მარუაშვილი | |
---|---|
ლევან მარუაშვილი (1912–1992) | |
დაბ. თარიღი | 25 ოქტომბერი, 1912(1912-10-25) |
დაბ. ადგილი | ნოვოჩერკასკი, დონის ძალების ოლქი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 5 დეკემბერი, 1992(1992-12-05) (80 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | საბურთალოს პანთეონი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი და ალპინისტი |
მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხელმძღვანელი |
ალექსანდრე ჯავახიშვილი გიორგი გეხტმანი ბესარიონ ყავრიშვილი |
განთქმული მოსწავლეები | კობა ხარაძე |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი |
ჯილდოები | ნიკოლოზ პრჟევალსკის სახელობის მედალი, საქართველოს სახელმწიფო პრემია, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და მედალი „შრომის ვეტერანი“ |
ლევან მარუაშვილი ავტორია არაერთი ფუნდამენტური ნაშრომისა, რომელთაგან აღსანიშნავია: ორნაწილიანი „საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია“ (1969–1970), სამნაწილიანი „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია“ (1975–1986), „მღვიმეთმცოდნეობის საფუძვლები“ (1973), „პალეოგეოგრაფიული ლექსიკონი“ (1985) და სხვა. 1971 წელს გამოქვეყნდა კოლექტიური ნაშრომი „საქართველოს გეომორფოლოგია“ (რუსულ ენაზე), ხოლო 1991 წელს „საქართველო ანთროპოგენში“ (რუსულ ენაზე), რომელთა მთავარი რედაქტორი და ავტორი იყო მარუაშვილი. 1982 წელს მონაწილეობდა „საქართველოს წითელი წიგნის“ შედგენაში.[3]
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიურმა ექსპედიციამ ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით 1960 წელს აღმოაჩინა და პირველად 150 მ სიღრმემდე შეისწავლა კრუბერის გამოქვაბული,[4] რომელიც დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი მღვიმის სტატუსს ატარებს.[5]
ლევან მარუაშვილმა პირველმა გეოგრაფიულ ლიტერატურაში ჩამოაყალიბა ცნება კარსტოსფეროს (1970) შესახებ, როგორც კარსტული პროცესების გავრცელების გეოსფერო. მკვლევარმა კარსტოსფერო პლანეტის გარსის სახით გამოყო, რომელიც ზოგადად სტრატისფეროს თანხვდება და რომელიც კარსტვადი ქანებითაა აგებული.[6]
ლევან მარუაშვილი იყო კავკასიის აღიარებული მკვლევარი. იგი 500-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა და 30 მონოგრაფიის ავტორია. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფერო იყო: ფიზიკური გეოგრაფია, გეომორფოლოგია, გლაციოლოგია, სპელეოლოგია, კარსტოლოგია, პალეოგეოგრაფია, მეოთხეული გეოლოგია, ისტორიული გეოგრაფია.[1][7]
აღსანიშნავია, რომ ლევან მარუაშვილი, როგორც ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალისტი მეცნიერების გარდა ინტერესს იჩენდა ლიტერატურის მიმართ; ადრეულ ასაკში წერდა ლექსებს, რომანებს, მოთხრობებს, პიესებს, რომლებსაც ხშირად დაუმთავრებელი ხასიათი ჰქონდა. მის მიერ არის დაწერილი რომანი „სპელეოლოგიური ტრაგედია“, რომელიც გამოუქვეყნებელი დარჩა. მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა რუსთველოლოგიაში, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს. ლევან მარუაშვილი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკვლევდა „ვეფხისტყაოსნის“ გეოგრაფიულსა და ასტრონომიულ ელემენტებს და ჩატარებული მუშაობის საფუძველზე გარკვეულ დასკვნებს მიადგა სამყაროს რუსთაველისეული ასახვის შესახებ. მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია ქართულსა და რუსულ პერიოდულ გამოცემებში. ამ საკითხებთან დაკავშირებით მან 20-ზე მეტი ნაშრომი გამოაქვეყნა. პოეტის მემკვიდრეობის შესწავლით იგი 1937 წელს დაინტერესდა.[1][6]
ლევან მარუაშვილი იყო ალპინისტიც; ჯერ კიდევ 16 წლისამ დალაშქრა ჯავის ქედის მწვერვალი ბრუტსაბძელი (3670 მ), სადაც პირველმა ნახა საკულტო დანიშნულების ხის ნაგებობის ნაშთები. ერთი წლის შემდეგ მონაწილეობდა თეთნულდისა (4852 მ) და ბანგურიანის (3838 მ) მწვერვალებზე ასვლებში,[8] გადალახა ტვიბერის უღელტეხილი (3607 მ). 1931 წელს ორჯერ ავიდა მყინვარწვერსა (5047 მ) და ყუროსწვერზე (4071 მ), 1932 წელს კი პამირზე — ღარმოს კვანძში იმყოფებოდა. 1934 წელს იყო უშბის ექსპედიციაში. ამის შემდეგ, არაერთ ასვლებში მონაწილეობდა სხვადასხვა ცნობილ ალპინისტებთან.[1]
ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით აღიზარდა 20-ზე მეტი გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი და დოქტორი.[9] მისი ბიოგრაფია შეტანილია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში (1983),[10] ენციკლოპედია „თბილისში“,[11] გეომორფოლოგიურ ლექსიკონში (1996),[12] რუსულ ჟურნალ „გეომორფოლოგიაში“ (2002) და სხვა.[13]
2012 წლის ოქტომბერ-ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი პროფესორ ლევან მარუაშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი.[14]
„ჩემი მთავარი ბედნიერება იმაში იყო, რომ მე მივაგენი ჩემს სარბიელს და ყოველთვის ვემსახურებოდი ჩემთვის საყვარელ საქმეს — კვლევას და წერას, წერას და კვლევას.[1]“ | |