მალაიზიის ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
მალაიზიის ეკონომიკა მესამე უდიდესი ეკონომიკაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის და 34-ე ადგილზეა მსოფლიო მასშტაბით მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით.[1] 2018 წელს მალაიზიაში შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებელი ერთ მუშახელზე 55 360 საერთაშორისო დოლარის ტოლი იყო, რაც მესამე მაჩვენებელია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სახელმწიფოთა შორის.[2] 2021 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით მალაიზიის ეკონომიკა მსოფლიო მასშტაბით 25-ე ყველაზე კონკურენტუნარიანი ეკონომიკაა.[3]
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით მალაიზიელები უფრო მდიდრულად ცხოვრობენ, რაც მეტწილად ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკის სწრაფი ზრდით, შედარებით დაბალი საშემოსავლო გადასახადით, მოსახერხებელი ადგილობრივი სურსათითა და სატრანსპორტო საწვავით და მთლიანად სუბსიდირებული ერთი გადამხდელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემითაა განპირობებული. მალაიზია ახალი ინდუსტრიალიზებული საბაზრო ეკონომიკაა, რომელიც შედარებით ღია და სახელმწიფო ორიენტაციისაა.[4][5] მალაიზიის ეკონომიკა ძალიან მტკიცე და დივერსიფიცირებულია მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტით, რომელთა ღირებულებამაც 2020 წელს 92.1 მილიარი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სახელმიწფოთა შორის მეორე მაჩვენებელი იყო.[6] მალაიზია პალმის ზეთის ექსპორტით მეორე ადგილზეა მსოფლიოში (ინდონეზიის შემდეგ).[7]