მარილები
From Wikipedia, the free encyclopedia
მარილები ქიმიაში იონური შენაერთებია, რომლებიც მჟავასა და ფუძეს შორის ნეიტრალიზაციის რეაქციით მიიღება. მარილები შედგებიან კათიონების (დადებითად დამუხტული იონები) და ანიონებისგან (უარყოფითი იონები), რომელთა შერწყმით ნეიტრალური პროდუქტი მიიღება. ეს კომპონენტი იონები შეიძლება იყოს არაორგანული (Cl−) ან ორგანული (CH3COO−), ერთატომიანი (F−) ან მრავალატომიანი (SO42−). კათიონები შეიძლება იყვნენ მეტალის იონები, ამონიუმის იონი (NH4+), კომპლექსური კათიონები და ა.შ. ანიონები კი ორგანულ და არაორგანულ მჟავათა ნაშთები.
მარილებს, რომლებიც ხსნარში დისოციაციისას გამოყოფენ ჰიდროქსილის იონს „ფუძე მარილები“ ეწოდებათ, ხოლო მარილებს, რომლებიც ხსნარში დისოციაციისას გამოყოფენ წყალბადის კათიონს - „მჟავა მარილები“, დანარჩენებს - „საშუალო მარილები“.