![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/ce/Marlene-Dietrich-1936.jpg/640px-Marlene-Dietrich-1936.jpg&w=640&q=50)
მარლენ დიტრიხი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია მაგდალენა „მარლენ“ დიტრიხი (გერმ. Marlene Dietrich; გერმანული წარმოთქმა: [maɐˈleːnə ˈdiːtʁɪç;] დ. 27 დეკემბერი 1901, შენებერგი, გერმანია — გ. 6 მაისი 1992, პარიზი, საფრანგეთი) — გერმანელი მსახიობი და მომღერალი. სწავლობდა მუსიკალურ აკადემიასა და მაქს რაინჰარდტის დრამატული ხელოვნების სკოლაში. 1922 წელს შედგა მისი დებიუტი თეატრსა და კინოში. 1923 წელს დიტრიხმა მიიპყრო რეჟისორ რუდოლფ ზიბერის ყურადღება, რომელიც პატარა როლებს აძლევდა ფილმებში. 1924 წელს ისინი დაქორწინდნენ. პირველი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფილმში „ცისფერი ანგელოზი“ (1930, თომას მანის რომანის მიხედვით). 1930 წელს გადავიდა ჰოლივუდში. მონაწილეობდა ჯოზეფ ფონ შტერნბერგის ეგზოტიკურ ფილმებში: „მაროკო“ (1930), „შანხაის ექსპრესი“ (1932), „წითელი დედოფალი“ (1934), „ეშმაკი თვით ქალია“ (1935) და გახდა 30-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი.
მარლენ დიტრიხი | |
---|---|
![]() მარლენ დიტრიხი 1936 წელს | |
დაბადების სახელი | მარია მაგდალენა დიტრიხი |
დაბადების თარიღი |
27 დეკემბერი 1901 შენებერგი, გერმანია |
გარდაცვალების თარიღი |
6 მაისი 1992 პარიზი, საფრანგეთი |
საქმიანობა |
მსახიობი მომღერალი |
აქტიური | 1919–1984 |
მეუღლე(ები) | რუდოლფ ზიბერი (1923–1976) |
შვილ(ებ)ი | მარია რივა დ. 13 დეკემბერი, 1924 (1924-12-13) (99 წლის) |
საიტი | marlene.com |
მეორე მსოფლიო ომის დროს ეწეოდა აქტიურ ანტიფაშისტურ პროპაგანდას. სიმღერებით გამოდიოდა ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე. ფილმებში „ბრალდების მოწმე“ (1957), „ნიურნბერგის პროცესი“ (1962) და სხვა შექმნა ხანში შესულ გმირ-ქალთა სახეები. დიტრიხი, ცნობილი იყო აგრეთვე როგორც საესტრადო მომღერალი. ჰქონდა უხეში კონტრალტო გამომხატველობითი ტემბრით, რომელიც თაყვანისმცემლებს იპყრობდა. ლოლა-ლოლას როლმა ფილმში „ცისფერი ანგელოზი“ მოუტანა მას მსოფლიო აღიარება და შედეგად გააფორმა კონტრაქტი „Paramount Pictures“-სთან. თავის დროზე, დიტრიხი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა დიტრიხმა 1939 წელს მიიღო. მადემუაზელ ემი ჯოლის როლის შესრულებისთვის ფილმში „მაროკო“ (1930) ნომინირებული იყო თავის ერთადერთ ოსკარის პრემიაზე.
მარლენ დიტრიხს ერთადერთი შვილი ჰყავდა — მსახიობი მარია რივა. 1956 წელს დიტრიხის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „80 დღე დედამიწის გარშემო“, რომელმაც მოიპოვა ოსკარი საუკეთესო სურათისთვის.
დიტრიხის მამა სამეფო პრუსიის პოლიციის ლეიტენანტი ლუი დიტრიხი გარდაიცვალა მაშინ როდესაც დიტრიხი პატარა იყო; დედამისი ხელმეორედ გათხოვდა სამხედრო კავალერიის ოფიცერზე ედუარდ ფონ ლოშზე. 12 წლის ასაკში დიტრიხმა შეისწავლა ფრანგული და ინგლისური ენები. პატარა ასაკში ვიოლინოს სწავლობდა. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიაში მუშაობაზე მან უარი განაცხადა და შესაბამისად, მისი მონაწილეობით გამოსული ფილმების ჩვენება გერმანიაში გარკვეული დროით აკრძალული იყო. დიტრიხმა უარყო ნაციზმი, რის გამოც გერმანიის მოღალატედ გამოაცხადეს. 1960 წელს შედგა დიტრიხის ვიზიტი ბერლინში, სადაც ნაცისტების მხარდამჭერები მას აფურთხებდნენ, ხოლო ბანერებზე ეწერა: „წადი სახლში მარლენ“. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა:
![]() |
„ჰიტლერი იდიოტია...“ |