ნავსათრევი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნავსათრევი — ხმელეთის მონაკვეთი ან მასზე გაყვანილი გზა, რომელსაც იყენებენ ნავებისა და ტვირთების ხმელეთით გადასატანად ერთი წყალსატევიდან (ტბა, მდინარე და მისთ.) მეორემდე ან მდინარის სახიფათო მონაკვეთის შემოსავლელად.[1] ასეთი ნავსათრევი გზები ცნობილია ძველ საბერძნეთსა და ბერძნულ სამყაროში. კორინთის ტირანმა პერიანდრემ (ძვ. წ. 667–585) კორინთის ყელზე გაიყვანა ნავსათრევი გზა — დიოლკოსი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა იონიისა და ეგეოსის ზღვებს.[2] იგი 6–8,5 კმ სიგრძის იყო[3] და დაახლ. ძვ. წ. 600 წლიდან ახ. წ. I საუკუნემდე მოქმედებდა.[4][5][6][7] საისტორიო წყაროებში კიდევ ორი ასეთი გზა დადასტურებულია რომაულ ეგვიპტეში: პირველი ალექსანდრიის ნავსადგურთან ახლოს მდებარეობდა (იხსენიებს ორიბასიოსი), სავარაუდოდ კუნძულ ფაროსის სამხრეთ კიდეზე, მეორეს იხსენიებს პტოლემე თავის წიგნში გეოგრაფიის შესახებ (IV, 5, 10), იგი მდინარე ნილოსის ერთ ერთ ტოტს (ცრუ შესართავი), რომელიც ლამით იყო დაფარული, და ხმელთაშუა ზღვას შორის მდებარეობდა.[8] წყალსატევებს შორის ნავების გადასატანი ადგილები ცნობილი იყო ვენეციის რესპუბლიკაში (მდ. ადიჯესა და გარდის ტბას შორის), ძველ რუსეთში (ვოლგასა და დონს შორის), ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვ.