From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლას ვიტსენი (ნიდერლ. Nicolaes Witsen; თანამედროვე ნიდ.: Nicolaas Witsen; დ. 8 მაისი, 1641, ამსტერდამი — გ. 10 აგვისტო, 1717, ამსტერდამი) — ნიდერლანდელი მოღვაწე, კარტოგრაფი, გემთმშენებელი, ექსპერტი რუსეთის საკითხებში. რამდენიმეჯერ იქნა არჩეული ამსტერდამის მერად 1682-1706 წლებში. იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აღწერა ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია თავის წიგნში: „ჩრდილო და აღმოსავლეთ თათრეთი“ (Noord en Oost Tartarye).
ნიკოლას ვიტსენი | |
---|---|
ნიდერლ. Nicolaes Witsen | |
| |
დაბადების თარიღი | 8 მაისი, 1641[1] [2] |
დაბადების ადგილი | ამსტერდამი |
გარდაცვალების თარიღი | 10 აგვისტო, 1717[1] [3] [2] [4] (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ამსტერდამი |
საქმიანობა | მწერალი, კარტოგრაფი, პოლიტიკოსი, გეოგრაფი, დიპლომატი და კომერცია |
მოქალაქეობა | გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა[5] |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი |
ვიტსენმა 1692 წელს გამოსცა ენციკლოპედიური ხასიათის წიგნი სახელწოდებით: „ჩრდილო და აღმოსავლეთ თათრეთი“ (Noord en Oost Tartarye), რომელიც შედგება 660 გვერდისგან და მეგზურობას უწევს დაინტერესებულ პირებს. ამ წიგნის შევსებული რედაქცია (984 გვერდი) ორ ტომად გამოიცა 1705 წელს[6] (თავიდან დაიბეჭდა 1785 წელს), რომლის გვერდების რაოდენობაც ათასს აჭარბებს. თხზულების სახელწოდების მიუხედავად, ვიტსენი სცდება თათრეთის აღწერას და გვაძლევს ვრცელ ინფორმაციას ციმბირის, მონღოლეთის, ცენტრალური აზიის, მანჯურიის, იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთით მდებარე კუნძულებს, კორეის, სპარსეთის, ყირიმის, კავკასიის, ვოლგისპირეთისა და ურალის მთიანი ნაწილის შესახებ.
თხზულებაში აღწერილია ქვეყნებისა და მხარეების გეოგრაფია, სახელმწიფო სტრუქტურა, ისტორია და კულტურა, ტრადიციები, ენობრივი მონაცემები, ფლორა, ფაუნა და ა.შ. მასში ასევე შესულია ჰოლანდიურ-ქართული (900 სიტყვა) და ჰოლანდიურ-ყალმუხური (700 სიტყვა) ლექსიკონები. შეტანილი აქვს 25-მდე ენის მონაცემები[7]. იძლევა ქართული, ტიბეტური, მანჯურიული და მონღოლური ენების წერითი სისტემების ილუსტრაციებს.
ვიტსენი საქართველოსა და ქართული ენის შესახებ ცნობებს გვაწვდის თხზულებაში: „ჩრდილო და აღმოსავლეთ თათრეთი“ (Noord en Oost Tartarye)[8]. როგორც ჩანს, იგი კონსულტაციებს იღებს არჩილ მეფის მოსკოვის ქართული კოლონიის წარმომადგენელთაგან[9].
ვიტსენი საქართველოზე საუბარს იწყებს გეოგრაფიისა და კულტურული გავლენების მიმოხილვით. აღწერს, რომ ძირითადი მოსახლეობა ძირითადად ქრისტიანია, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, მრავალი ადამიანი გახდა ისლამის მიმდევარი ბოლო პერიოდებში, განასაკუთრებით მას მერე, რაც ზოგიერთმა დიდებულმა მაჰმადიანობა აღიარა საკუთარ რელიგიად[10].
ვრცელი მიმოხილვის შემდეგ იძლევა რიგზე გაწყობილ ქართულ მხედრულ ანბანს, ჯამში 37 გრაფემას, რომელსაც თან აქვს დართული ლათინური ტრანსკრიფცია. აქედან ორი: „ეჲ“ (8) და „ჟან“ (17) ორნაირი დაწერილობით აქვს შეტანილი. მიმდევრობაში გამორჩენილია „ტარი“ და ბოლოს აქვს დართული 37-ე ნომრად. ამას გარდა, შეტანილი აქვს ორი განსხვავებული გრაფემა: „ენა“ (35) და „ლანა“ (36).
ამავე გამოცემას ერთვის არჩილ მეფისა და ირაკლი I-ის (Nicolas Davidsson) პორტრეტი, თუმცა გრავიურის ორიგინალი დაკარგულია და ზუსტად უცნობია, ვინ და როდის შეასრულა იგი.
ამავე გამოცემაშია გამოქვეყნებული არჩილ მეფის წერილი ნიკოლას ვიტსენისადმი, მიწერილი 1686 წელს, რომელშიც მას მადლობას უხდის ამსტერდამში ქართული საგამომცემლო საქმის წამოწყებისთვის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.