From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლ-რეინ ლეპოტი, დაბ. ეტაბლე დე ლაბრიერი ( ფრანგ. Nicole-Reine Lepaute , დ.5 იანვარი 1723, პარიზი — გ. 6 დეკემბერი, 1788) — პირველი ფრანგი მათემატიკოსი და ასტრონომი ქალი.
ნიკოლ-რეინ ლეპოტი | |
---|---|
ფრანგ. Nicole-Reine Lepaute | |
დაბ. თარიღი | 5 იანვარი, 1723[1] [2] |
დაბ. ადგილი | პარიზი |
გარდ. თარიღი | 6 დეკემბერი, 1788[1] [2] (65 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ასტრონომი და მათემატიკოსი |
განთქმული მოსწავლეები | Joseph Lepaute Dagelet |
მეუღლე | Jean-André Lepaute |
ნიკოლ-რეინ ეტაბლე დე ლაბრიერი დაიბადა 1723 წლის 5 იანვარს ლუქსემბურგის სასახლეში, პარიზში, სადაც მისი მამა მსახურობდა ესპანეთის დედოფალის, ლუიზა-ელისაბედ ორლეანელის კარზე.
1748 წლის 27 აგვისტოს [3] იგი ცოლად გაჰყვა სამეფო საათების მწარმობელ (1753 წლიდან) ჟან-ანდრე ლეპოტს. როდესაც მუშაობაში მეუღლეს ეხმარებოდა, მადამ ლეპოტმა გაიცნო ჟოზეფ ლალანდი რომელიც მიწვეული იყო საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ, რათა შეეფასებინა ჟან-ანდრე ლეპოტის მიერ შემუშავებული ახალი ტიპის საათის გამოყენების შესაძლებლობები ასტრონომიაში. ჟან-ანდრე მალე დაინტერესდა ასტრონომიული საათის შექმნის იდეით და 1755 წელს გამოსცა „ტრაქტატი საათის დამზადების შესახებ...“ ( ფრანგ. «Traité d’Horlogerie…» [4] ). ეს ტრაქტატი შეიცავდა ნიკოლ-რეინის პირველ მათემატიკურ ნაშრომს — ქანქარის რხევების ცხრილებს.
1757 წლის ივნისში ჯ. ლალანდმა გადაწყვიტა გამოეთვალა ჰალეის კომეტის დაბრუნების ზუსტი თარიღი, იუპიტერისა და სატურნის გრავიტაციული გავლენის გათვალისწინებით კომეტის ორბიტაზე . მან დახმარებისთვის მიმართა ალექს კლოდ კლეროს, რომლის გეგმა მოიცავდა უზარმაზარი გამოთვლითი სამუშაოს წარმოებას. დასახმარებლად მიიწვიეს ნიკოლ-რეინიც. 1758 წლის 14 ნოემბერს კლერომ საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიას აცნობა, რომ კომეტას პერიჰელიონისთვის უნდა მიეღწია 1759 წლის 13 აპრილისთვის (ფაქტობრივად, ეს მოხდა 1759 წლის 13 მარტს, გაანგარიშების შეცდომა იყო მხოლოდ 31 დღე) . 1760 წელს კლერომ აღწერა მოძრაობის ტრაექტორიის გამოთვლები თავის ნაშრომში "კომეტების თეორია" ( ფრანგ. «Théorie des comètes» ), თუმცა თანამშრომლების სიაში არ მოიხსენია ნიკოლ-რეინი. ამ ფაქტის შემდეგ გაწყდა ყოველგვარი საქმიანი ურთიერთობა კლეროსა და ლალანდეს შორის. ისინი აღარ მონაწილეობდნენ ასტრონომიულ პროექტებში ერთად. მოგვიანებით, 1803 წელს, ლალანდმა საკუთარ ნაშრომში "ასტრონომიული ბიბლიოგრაფია" მადლიერება გამოხატა ნიკოლ-რეინის მიმართ გამოთვლებში მონაწილეობისთვის ( ფრანგ. «Bibliographie Astronomique» ).[5]
1760-1776 წლებში ნიკოლ-რეინ ლეპოტმა მონაწილეობა მიიღო ასტრონომიული ალმანახის "Connaissance des temps" ცხრილების გამოთვლაში, რომლის რედაქტირება ეკუთვნის ჯ.ლალანდს. 1761 წელს იგი გახდა ბეზიეს აკადემიის წევრი, ხოლო მომდევნო 1762 წელს მან გამოთვალა და შეადგინა 1764 წლის 1 აპრილს პარიზში დაფიქსირებული მზის რგოლისებრი დაბნელების დეტალური რუკა. [6]. მოგვიანებით, ნიკოლ-რეინმა მონაწილეობა მიიღო VII (1775-1784) და VIII (1785-1792) ტომების გამოცემაში "ციური სხეულების ეფემერიდები" ( ფრანგ. «Ephémérides des mouvements célestes» ).
სიცოცხლის ბოლო წლები მან გაატარა სენ-კლუდში, ზრუნავდა მეუღლეზე, რომელმაც 1774 წელს მიატოვა საათის წარმოება და ნერვული აშლილობით იტანჯებოდა. ნიკოლ-რეინ ლეპოტი გარდაიცვალა ქმრის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1788 წლის 6 დეკემბერს, 66 წლის ასაკში.[7]
ნიკოლ-რეინ ლეპოტის საპატივსაცემოდ მისი სახელი უწოდეს მთვარის კრატერს და ასტეროიდს (4559 PL). გარდა ამისა, პარიზსა და დიჟონში არის მეცნიერის სახელობის ქუჩები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.