![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/dc/Paris_Opera_full_frontal_architecture%252C_May_2009.jpg/640px-Paris_Opera_full_frontal_architecture%252C_May_2009.jpg&w=640&q=50)
ოპერა გარნიე
From Wikipedia, the free encyclopedia
გარნიეს სასახლე (Palais Garnier), აგრეთვე ცნობილი როგორც ოპერა გარნიე (ფრანგ. Opéra Garnier), ან უბრალოდ პარიზის ოპერა — 2200 მაყურებელზე გათვლილი ოპერის თეატრი პარიზის მე-9 ოლქში. შარლ გარნიეს პროექტის ნეობაროკოს სტილის ეს გრანდიოზული შენობა ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. ოპერის გამზირის ბოლოს, იმავე სახელწოდების მეტროს სადგურთან ახლოს მდებარე შენობა XIX საუკუნის ეკლექტური არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს. მისი აგება უკავშირდება ნაპოლეონ III-ისა და პრეფექტ ოსმანის მიერ წამოწყებულ პარიზის განახლების პროექტს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/dc/Paris_Opera_full_frontal_architecture%2C_May_2009.jpg/640px-Paris_Opera_full_frontal_architecture%2C_May_2009.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/78/Palais_Garnier%27s_grand_salon%2C_12_February_2008.jpg/640px-Palais_Garnier%27s_grand_salon%2C_12_February_2008.jpg)
1875 წელს შენობის გახსნის დღიდან, ოპერის თეატრს ოფიციალურად "მუსიკის ეროვნული აკადემია — ოპერის თეატრი" (Académie Nationale de Musique - Théâtre de l'Opéra) ერქვა. ეს სახელი მან 1978 წლამდე შეინარჩუნა, როდესაც მას "პარიზის ოპერის ეროვნული თეატრი" დაარქვეს. ხოლო მას შემდეგ, რაც საოპერო დასი ბასტილიის ოპერის თეატრში გადავიდა, 1989 წელს მისი დასრულების შემდეგ, თეატრს "გარნიეს სასახლე" დაარქვეს, თუმცა მისი უფრო ოფიციალური სახელი "მუსიკის ეროვნული აკადემია" დღემდე შემორჩა შენობის მთავარი ფასადის კოლონადის თავზე. მიუხედავად სახელების ხშირი ცვლისა და საოპერო დასის ბასტილიის ოპერის თეატრში გადასვლისა, პარიზელები ამ შენობას დღემდე "პარიზის ოპერას" უწოდებენ, ისევე როგორც ყველა დანარჩენ თეატრს, სადაც პარიზის ოპერისა და ბალეტის დასი მისი დაარსებიდან დღემდე მთავარ წარმოდგენებს მართავდა.