პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი
From Wikipedia, the free encyclopedia
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre Dame de Paris), აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარი პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სენაში მდებარე კუნძულ სიტეზე. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის). პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (მრავალმნიშვნელოვანი). |
პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი იყო და შენდებოდა მთელი გოთიკური პერიოდის განმავლობაში. მისი სკულპტურები და მოჭიქული მინა ნატურალიზმის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს, აძლევს უფრო სეკულარულ ხასიათს, რაც ადრეულ რომანულ ფორმებში ნაკლებად შეინიშნებოდა.
პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველ პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა გათვალისწინებული არ იყო. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.