საბჭოთა საქართველოს ლიდერთა სია
From Wikipedia, the free encyclopedia
საბჭოთა საქართველოს ლიდერთა სია, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა — სახელმწიფო მმართველობის ორგანოები, რომლებსაც ხელმძღვენელობდნენ სახელმწიფო და პარტიული ფიგურები და რომლებიც ახორციელებდნენ კონტროლს საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (საქართველოს სსრ, სსსრ) უმაღლეს ხელმძღვანელობას, 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მომენტიდან 1990 წლის ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებამდე, ახორციელებდა რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს კომუნისტური პარტია სკკპ-ის შემადგენლობაში. საქართველოს კომპარტიის უმაღლესი ორგანო იყო ცენტრალური კომიტეტი (ცკ), და საქართველოს ცკ კპ-ის პირველი მდივანი იყო რესპუბლიკის ფაქტობრივი ხელმძღვანელი 1921–1990 წლებში.
საქართველოს სსრ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანო 1921–1938 წლებში იყო საბჭოთა ყრილობა, ხოლო 1938–1992 წლებში — ერთპარტიული უმაღლესი საბჭო, რომელი დეპუტატები (გარდა 1990 წლის არჩევნებისა), საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობის მიერ აუცილებელი ნებართვის შემდეგ, ირჩეოდნენ უალტერნატივო საფუძველზე 4 წლის განმავლობაში (1979 წლიდან – 5 წლით). უმაღლესი საბჭო არ იყო მუდმივმოქმედი ორგანო, მისი დეპუტატები იკრიბებოდნენ რამდენიმედღიან სესიებზე 2–3-ჯერ წელიწადში. ყოველდღიური ადმინისტრაციული მუშაობის ჩასატარებლად, უმაღლესი საბჭო ირჩევდა მუდმივმოქმედ პრეზიდიუმს, ნომინალურად რესპუბლიკის კოლექტიური მეთაურის ფუნქციის შემსრულებელს.
1989 წლის ნოემბერში კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი ასევე არჩეულ იქნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ, პარტიის სტრუქტურებიდან საპარლამენტო სტრუქტურებში ხელმძღვანელობის შეუფერხებლად გადასვლის პირობების შექმნის მიზნით. თუმცა მრავალპარტიულ საპარლამენტო არჩევნებზე 1990 წლის ოქტომბერში გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციურმა ბლოკმა მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო, რომლის შემდეგ კომპარტიის ძალაუფლება საქართველოში დასრულდა. 1990 წლის 14 აპრილს საქართველოს სსრ-ს ეწოდა საქართველოს რესპუბლიკა, 1991 წლის 9 აპრილს უმაღლესმა საბჭომ მიიღო აქტი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ. 1991 წლის დეკემბერში, სსრკ-ს დაშლის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველო, აღიარებულ იქნა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.