საქართველოს ფლორა და მცენარეულობა
მცენარეთა სახეობების ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობა საქართველოში. / From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს ფლორა — მცენარეთა სახეობების ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობლიობა, რომელიც ამჟამად გვხვდება მის ტერიტორიაზე და საზღვაო წყლებში. საქართველო, ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის, ფლორისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში ჭურჭლოვან მცენარეთა 4 100-ზე მეტი სახეობაა (მთელს კავკასიაში 6 350-მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია (აქედან 600 — კავკასიის, ხოლო 300 — საქართველოს ენდემია). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც, სადაც 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი. საქართველო კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია, საიდანაც — ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილისა და სხვა მრავალი შესანიშნავი ჯიშის ჩამოყალიბებასა და განვითარებას დაედო სათავე.[კომ. 1]