From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია[1]. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.[2]. 2019 წლის სექტემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრია ვახტანგ გომელაური.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო | |
სამინისტროს გერბი | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 1918 წლის 26 მაისი |
მინისტრი | ვახტანგ გომელაური |
უწყების ტიპი | სამინისტრო |
ზემდგომი უწყება | საქართველოს მთავრობა |
საიტი | |
www.police.ge |
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩამოყალიბდა, რომლის ფუნქციებს განეკუთვნებოდა კონტრრევოლუციური გამოსვლებისა და ბოლშევიკური აგიტაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სახაზინო ქონების მითვისების აღმოფხვრა და ა.შ.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შედეგად საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუქმდა და საქართველოს რევკომის 1921 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი ჩამოყალიბდა, რომელიც მოგვიანებით ჩაანაცვლა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
პირველი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალი თანამშრომელი მონაწილეობდა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ 1924 წლის აგვისტოს აჯანყებასა და სამხედრო ცენტრის საქმიანობაში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების წარუმატებლობის შემდეგ პირველი რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალი თანამშრომელი დახვრიტეს.
2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს სამართალდამცავ სფეროში განხორციელდა ფართომასშტაბიანი რეფორმები, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუერთდა. 2015 წლის 1 აგვისტოს რეფორმირების პროცესს შედეგად მოჰყვა საპოლიციო სისტემის და სახელმწიფო უსაფრთხოების სერვისების ორგანიზაციული და ინსტიტუციური გამიჯვნა და დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ჩამოყალიბება. საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2018 წლის 14 ივლისი #3141–რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გაუქმდა და მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეითავსა.
2018 წლის მაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციაში შეიქმნა საპატრულო პოლიციის ქვეითი პატრულის ქვედანაყოფი, რომელიც ტურისტულ ზონებში და იმ უბნებსა და ქუჩებში იმუშავებს, სადაც გასართობი ინფრასტრუქტურაა განთავსებული. ქვედანაყოფის შექმნის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოში ტურისტთა შემოსვლა გაიზარდა. ქვეითმა პატრულებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს. კანდიდატთა შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მათ პიროვნულ ჩვევებსა და კომუნიკაციის უნარებზე. ყველა მათგანი ფლობს ერთ ან მეტ უცხო ენას. ქვეით პატრულს გააჩნია თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები. [3] [4] [5] [6]
2018 წელს, 11 იანვარს სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელსაც 2019 წლის 15 თებერვალს შეეცვალა სახელი და გახდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი[7].
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი უზრუნველყოფს დროულ რეაგირებასა და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ისეთი კატეგორიის საქმეებზე როგორიცაა: ოჯახური დანაშაული, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაული.
დეპარტამენტის დირექტორი არის ნინო ცაციაშვილი.[8]
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების სამსახურში მდგომ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.[9]
დეპარტამენტის ძირითადი საქმიანობაა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, ასევე, სამართალდარღვევაზე ან სხვა შესაძლო საფრთხეზე რეაგირება, თავიდან აცილება და აღკვეთა, ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა, საგზაო მოძრაობის წესების დაცვაზე ზედამხედველობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა აცილების-აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მისი ფუნქციაა კომპეტენციის ფარგლებში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.[10]
2012 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი „112“, რომელიც 24 საათის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან იღებენ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემენ შესაბამის სამსახურებს. „112“ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 112-ზე ერთი ზარის განხორციელებით შესაძლებელია პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.
სამინისტრო იყოფა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებად: დეპარტამენტები, სამმართველოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული დაწესებულებები. მათ შორის აღსანიშნავია: სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი და მინისტრის 5 მოადგილე.[11]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.