სიმფონია № 5 (ბეთჰოვენი)
From Wikipedia, the free encyclopedia
სიმფონია №5 (დო მინორი) Op. 67 — ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიმფონია, დაწერილი 1804-1808 წლებში, კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ნიმუში და ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებული სიმფონია,[1] ფართოდ განიხილება დასავლეთევროპული მუსიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედად. პირველად შესრულდა 1808 წელს, ვენის თეატრში (Theater an der Wien) და მალევე მოიპოვა განსაკუთრებული რეპუტაცია. ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანმა სიმფონიას „თავისი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები“ უწოდა. კლასიკური პერიოდის სიმფონიების უმეტესობის მსგავსად, მეხუთე სიმფონიაც ოთხი მოქმედებისგან შედგება.
სიმფონია №5 | |
---|---|
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიმფონია | |
სიმფონიის ყდა, რომელზეც იკითხება მიძღვნა პრინც ლობკოვიცის და გრაფი რაზუმოვსკისადმი | |
ტონალობა | დო მინორი |
ოპუსი | 67 |
ჟანრი | სიმფონია |
სტილი | კლასიციზმი |
ფორმა | ოთხმოქმედებიანი |
დაწერილი | 1804 - 1808 |
მიეძღვნა |
|
ხანგრძლივობა | 30-40 წუთი |
ნაწილები | 4 |
ინსტრუმენტული შემადგენლობა | სიმფონიური ორკესტრი |
პრემიერა | |
თარიღი | 22 დეკემბერი, 1808 |
ადგილი | ვენა |
დირიჟორი | ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი |
იგი იწყება გამოკვეთილი ოთხნოტიანი მოტივით („მოკლე-მოკლე-მოკლე-გრძელი“):
მეხუთე სიმფონიის შესავალი მოტივი
სიმფონია და განსაკუთრებით, მისი ოთხნოტიანი ინტრო, მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი. მოტივი ხშირად ჩნდება პოპულარულ კულტურაშიც, არსებობს მისი ვერსიები დისკოს და როკ-ენ-როლის სტილში, გამოყენებულია ფილმებსა და ტელევიზიაში.
ბეთჰოვენის მე-3 („გმირული“) და მე-6 („პასტორალური“) სიმფონიების მსგავსად, მე-5 სიმფონიასაც აქვს შერქმეული სახელი, თუმცა არა ავტორის მიერ. მას ხშირად ეწოდება „ბედისწერის სიმფონია“ (გერმ. Schicksals-Sinfonie), ხოლო მის ცნობილ მოტივს - „ბედისწერის მოტივი“ (Schicksals-Motiv).
რომანტიკულ პერიოდში, ე.ი. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე მე-5 სიმფონია განიხილებოდა, როგორც ობიექტივისტური მუსიკალური თხრობა ადამიანის ბედისწერის, მარცხისა და ტრიუმფის, ტანჯვისა და ხსნის შესახებ.[2] მისივე მე-9 სიმფონიის მსგავსად, რომელიც საზეიმო ფინალით მთავრდება, თავისი სვლით მინორიდან მაჟორისკენ მე-5 სიმფონიაც ევროპული კულტურის ამ ფუნდამენტურ იდეას იმეორებს.[3] მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი გააზრება ამჟამად პათეტიკურად ჟღერს, უდავოა, რომ მე-3 და მე-9 სიმფონიასთან ერთად ამ ნაწარმოებმა უდიდესი გავლენა იქონია მე-19 საუკუნის სიმფონიურ აზროვნებაზე, ფრანც შუბერტიდან და იოჰანეს ბრამსიდან მოყოლებული, პეტრე ჩაიკოვსკის, ანტონ ბრუკნერის და გუსტავ მალერის ჩათვლით.[4] გარდა ამისა, იგი მიეკუთვნება კლასიკური რეპერტუარის იმ ნიმუშებს, რომლებიც კლასიკურ მუსიკაში გაუცნობიერებელ მსმენელსაც ძლიერად იზიდავს, განსაკუთრებით, თავისი რიტმული ძალის და დასამახსოვრებელი შესავლის წყალობით.