From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთი უმთავრესად მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ნაოჭა, ნაოჭალოდა ვულკანური მთები, ლავური პლატოები და ვაკეები. ტერიტორიის 90 % მდებარეობს 1000 მეტრზე მაღლა (საშუალო სიმაღლე — 1830 მ.). უმაღლესი წერტილია მთა არაგაწი (4090 მ).
გეომორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით სომხეთს ყოფენ ოთხ ნაწილად:
სომხეთის ტერიტორია მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის ნაოჭა გეოსინკლინური სარტყლის შიგა ნაწილში. აქ გვხვდება თითქმის ყველა სისტემისა და ასაკის ნალექები განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული იურული და პალეოგენური ვულკანური დანალექი წყებები. სომხეთის ტერიტორიის 1/3 ნაწილი დაბარულია ბაზალტით, ტუფით, პემზით, პერლიტითა და ვულკანური მოქმედების სხვა პროდუქტებით.
სასარგებლო წიაღისეულთა შორის გამოირჩევა სპილენძ-მოლიბდენის (ქაჯარანი, აგარაკი, დასტაკერტი, და სხვა), სპილენძის ალმადანის (ღაფანი, ალავერდი, შამლუღი და სხვა), ოქროს (ზოდი, მეღრაძორი), რკინის (რაზდანი, სვარანაცი და სხვა). პოლიმეტალებისა, ნეფელინიანი სიენიტებისა და ქვამარილის საბადოები. ბევრია საშენი მასალა (მარმარილო, ტუფი, დოლომიტი, პემზა, ბაზალტი, პერლიტი) ბეტონიტური თიხები და სხვა. სომხეთი მდოდარია მინერალური წყლებით.
სომხეთი მდებარეობს სუბტროპიკულ ზონაში. ქვეყნის მთიანი რელიეფი განაპირობებს ჰავის ტიპების მრავალფეროვნებას. ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს შავი და კასპიის ზღვების სიახლოვე, აგრეთვე გვალვიანი ირანისა და მცირე აზიის მთიანეთებთან მეზობლობა. მზის რადიაციის ინტენსივობა შუადღისას მაის-ივნისში არაგაწზე 1,16 კვტ/მ²-ს აღწევს. მზის ნათების ხანგრძლივობის მაქსიმუმი (2800 სთ წელიწადში) არარატის ვაკესა და სევანის ტბის აუზშია. ვაკესა და მთისწინეთში ჰავა მშრალი, კონტინენტურია, იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 24-26°C, მაქსიმალური 42 °C; იანვარში — −5 °C. ნალექები 200—400 მმ წელიწადში. საშუალმთიანეთში ზომიერი ჰავაა, ივლის-აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 18 °C, იანვრისა — −2, −8 °C. ნალექები 600—800 მმ წელიწადში. მაღალმთიანეთში ცივი ჰავაა. ზაფხული გრილია ზამთარი ცივი. მეღრისა და ნოემბერიანის რაიონებში მშრალი სუბტროპიკული ჰავაა, ნალექები — 300 მმ წელიწადში.
სომხეთის მდინარეები კასპიის ზღვის აუზს განეკუთვნება. უდიდესია სასაზღვრო მდინარე არაქსი. მისი შენაკადებია: ახურიანი, მეწამორი, რაზდანი, არფა, ვოროტანი და სხვა. მტკვრის შენაკადებია: დებედა, აღსტევი, ჰახუმი და სხვა. მდინარეები ჭორომიანია, არასანაოსნო. გამოყენებულია სარწყავად და ჰიდროენერგიის წყაროდ. მდინარე რაზდანზე შექმნილია სევან-რაზდანის, ხოლო მდინარე ვოროტანზე - ვოროტანის ჰესების კასკადი. სომხეთში 100-ზე მეტი მთის ტბაა, უდიდესია სევანი. არარატის, შირაკის, ვოროტანისა და სევანის არტეზიულ აუზში წყლის მნიშვნელოვანი მარაგია. სომხეთში 8000-ზე მეტი წყაროა.
უმეტესად გავრცელებულია მთის შავმიწა ნიადაგები. არის უდაბნოს მურა-თიხნარი, მურა-ქვიანი, წაბლა, მთა-მდელოსა და სხვა ნიადაგები. მცენარეულობა გამოირჩევა ფორმების მრავალფეროვნებითა და ენდემების სიმრავლით. ბარში ჰალოფიტური მცენარეულობაა, მთისწინეთში - ფრიგანოიდული; სტეპში ვაციწვერიანი წივანიანი მცენარეულობაა გავრცელებული. სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონები შემოსილია ფოთლოვანი ტყით (აღმოსავლური წიფელი, რცხილა, მუხა), რომელსაც ტერიტორიის 13% უკავია. მთის ზონაში მარცვლოვანი და ალპური მდელოებია.
მთისწინეთში ბინადრობს გარეული ღორი, ლელიანის კატა, ტურა, ქვეწარმავლებიდან - გიურზა, კავკასიური გველგვესლა; მღრღნელების სხვადასხვა სახეობა. სამხრეთი ნაწილის მთებში გვხვდება ნიამორი, მუფლონი; ტყეში - შველი, გარეული ღორი, დათვი, ფოცხვერი, ფრინველებიდან გავრცელებულია თოლია, ტოროლა, ოფოფი, კოდალა, კაკაბი, წიწკანა, ვალდშნეპი და სხვა. თევზებიდან სევანის კალმახი (იშხანი), სიგი და სხვა. შექმნილია დილიჯანისა და ხოსროვის ნაკრძალები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.