სუტრა
From Wikipedia, the free encyclopedia
სუტრა (სანს. सूत्र) — ინდურ სალიტერატურო ტრადიციაში აღნიშნავს აფორიზმს ან აფორიზმთა კრებულს, რომელიც წარმოდგენილია სახელმძღვანელოს სახით. სუტრა არის უძველესი პერიოდისა და შუა საუკუნეების ეპოქის ინდური ჟანრი, რომელიც ინდუიზმში, ბუდიზმსა და ჯაინიზმში გვხვდება.[1][2]
ინდუიზმში სუტრები წარმოადგენს ლიტერატურული კომპოზიციის განსაკუთრებულ ტიპს, მოკლე აფორიზმული განცხადებების კრებულს.[2][3] ყოველი სუტრა მცირე მოცულობის წესია, რომელიც იძლევა დარიგეგებს სარიტუალო სწავლებების, ფილოსოფიის, გრამატიკის ან ნებისმიერი სხვა დარგის შესახებ.[1][2] ინდუიზმის უძველესი სუტრები გვხვდება ვედებში, კერძოდ ბრაჰმანასა და არანიაკაში.[4][5] ინდუისტური ფილოსოფიის ყველა სკოლამ ხელოვნების, სამართლის და სოციალური ეთიკის სხვადასხვა სფეროებში შეიმუშავა შესაბამისი სუტრები, რომლებიც აადვილებენ მათში წარმოდგენილი იდეების სწავლებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.[3][6]
ბუდიზმში სუტრები, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც სუტები, კანონიკური წმინდა წერილებია, რომელთა უმრავლესობაც გაუტამა ბუდას ზეპირი სწავლების ჩანაწერებად მიიჩნევა. სუტები არაა აფორიზმული ხასიათის, თუმცა საკმაოდ დეტალურია და ზოგჯერ განმეორებებსაც შეიცავს. ბუდისტური სუტრები თავისი ხასიათით ტერმინის ფილოლოგიურ ფესვად სუქტას (კარგად წარმოთქმული) უფრო გვისახავს, ვიდრე სუტრას (ძაფი).[7]
ჯაინიზმში სუტრები, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც სუიაები, მაჰავირას კანონიკური ქადაგებები, რომლებსაც, როგორც ჯაინისტურ კანონიკურ ლიტერატურაში, ასევე ზოგიერთი გვიანდელი პერიოდის ნორმატიულ ტექსტებშიც შევხვდებით.[8][9]