From Wikipedia, the free encyclopedia
ტრისური (ინგლ. Thrissur; ყოფილი ტრიჩური; წარსულში ცნობილი როგორც ტრისივაპერური) ― ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი ამავე სახელწოდების მქონე რაიონში, ინდოეთის შტატ კერალაში. სიდიდით მესამე ურბანული აგლომერაცია კერალაში, კოჩისა და კოჟიკოდეს შემდეგ და 21-ე ― ინდოეთის მასშტაბით.[1][2] ქალაქი გაშენებულია 65 აკრის ფართობის მქონე ბორცვზე, რომელზეც შივასადმი მიძღვნილი დიდი ინდუისტური ტაძარი მდებარეობს. იგი შტატის ცენტრში, დედაქალაქ თირუვანანთაპურამიდან 304 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. წარსულში კოჩინის სამეფოს დედაქალაქი იყო.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ტრისური | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 10°31′12″ ჩ. გ. 76°12′36″ ა. გ. |
ფართობი | 101.42 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 47 მეტრი |
ოფიციალური ენა | მალაიალამური ენა |
მოსახლეობა | 315 596 (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 487 |
საფოსტო ინდექსი | 680001 |
ოფიციალური საიტი | http://www.corporationofthrissur.org/ |
კულტურული, სულიერი და რელიგიური ისტორიის გამო, ტრისური ცნობილია როგორც კერალის კულტურული დედაქალაქი.[3] ქალაქის ცენტრში მდებარეობს კერალის სანგეეთა ნადაკას აკადემია კერალის ლალითაკალას აკადემია და კერალის საჰიტიას აკადემია.[4] ქალაქში ტარდება ყოველწლიური ფესტივალი ტრისურ პოორამი, რომელიც ყველაზე ფერადი და სანახაობრივი ფესტივალია კერალაში.[5][6] ფესტივალი აპრილში ან მაისში ტარდება თეკინკადუ-მაიდანზე.
ქალაქი რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ისტორიის მანძილზე, ტრისური ინდუისტური სწავლების ცენტრი იყო და ითვლება, რომ ქრისტიანობა, ისლამი და იუდაიზმი ინდოეთის სუბკონტინენტზე სწორედ ტრისურიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან გავრცელდა. ტრისურში მდებარეობს ცნობილი ტაძრები, როგორებიცაა: ვადაკუმნათანის ტაძარი, თირუვამბადი შრი კრიშნას ტაძარი და პარამეკავუს ტაძარი.
ტრისური კერალის შტატის მთავარი აკადემიური კერაა. ქალაქში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორისაა: კერალა კალამანდალამი, კერალის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი, კერალის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტიი, კერალის ადგილობრივი ადმინისტრირების ინსტიტუტი, კერალის ტყის კვლევის ინსტიტუტი, კერალის პოლიციის აკადემია, პოლიციის ძაღლების წვრთნის ცენტრი, კერალის სახანძრო და გადარჩენის სერვისების აკადემია, მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სამთავრობო კოლეჯი, სახვითი ხელოვნების სამთავრობო კოლეჯი, ინჟინერიის სამთავრობო კოლეჯი, სამთავრობო სამედიცინო კოლეჯი და სხვ.[7][8][9]
წინაისტორიული მეგალითებისა და დოლმენების ნაშთები ამტკიცებს, რომ ტრისური სულ ცოტა ძვ.წ. 1 000-ახ.წ. 500 წლებში იყო დასახლებული.[10]
XVI საუკუნეში პორტუგალიელები კერალის ბევრ ნაწილს აკონტროლებდნენ, მათ შორის, ტრისურსაც. XVII საუკუნის დასახკისში პორტუგალიელთა საზღვაო ძლიერება შესუსტდა და რეგიონში მთავარი საზღვაო ძალა ნიდერლანდები გახდა. 1710 წელს, ნიდერლანდელთა დახმარებით, კოჩინის სამეფოს სამეფო ოჯახმა ტრისური ხელახლა კალიკუტის სამეფოს წაართვა.[11]
ტრისურის მნიშვნელობა გაიზარდა მაჰარაჯა საკთან თამპურანის (1769-1805) ტახტზე ასვლის შემდეგ, რომელმაც ტრისური კოჩინის სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა. მახლობელი ტერიტორიებიდან სირიელი ქრისტიანული ოჯახებისა და ბრაჰმანების მოწვევით მაჰარაჯამ ქალაქი სამხრეთ ინდოეთის მთავარ ფინანსურ და კომერციულ ჰაბად აქცია.[11]
ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამო ტრისურში ბევრი ადამიანი ჩავიდა. 1927 და 1934 წლებში ქალაქში მაჰათმა განდი იმყოფებოდა. 1947 წელს ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტრისური კოჩინის სამეფოს ნაწილი გახდა. ტრისურის რაიონი 1949 წლის 1-ელ ივლისს შეიქმნა, რომლის ადმინისტრაციული ცენტრის ქალაქ ტრისურში მდებარეობს.
ტრისური ამავე სახელის მქონე რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი კოჩიდან 75 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, კოიამპუტურიდან 133 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, კოჟიკოდეს 124 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩანგანასერიდან 151 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს.[12] ქალაქი ბორცვის ირგვლივაა გაშენებული, რომელსაც თეკინკადუ-მაიდანი ჰქვია და მეორე უმაღლესი წერტილია ქალაქში, ვილანგანის ბორცვის შემდეგ. ქალაქი ზღვის დონიდან 2.83 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[12]
ქალაქი კერალის შუა ნაწილში მდებარეობს, რომელიც პალაკადის ვაკეების ნაწილია.[13] ტრისურის დიდი ნაწილი არქეული ერის ქანებითაა დაფარული.[14] ქალაქი ინდოეთის ტექტონიკური ფილის (ინდოეთის ფილა) ცენტრის მახლობლად მდებარეობს და შედარებით ნაკლები სეისმური ან ვულკანური აქტივობით ხასიათდება.
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ტრისური ტროპიკული მუსონური კლიმატის (Am) სარტყელში მდებარეობს. ზაფხული მარტიდან მაისამდე გრძელდება და წელიწადის ყველაზე ცხელი დროა. ზაფხულის თვეები არაკომფორტულია სიცხისა და ტენიანობის გამო. დღისით ტემპერატურა 36-38 °C-მდე (96.8-100.4 °F) იზრდება. ზაფხულს სამხრეთ-დასავლეთის მუსონები მოსდევს, რომელიც ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. ოქტომბერი და ნოემბერი მუსონების შემდგომი სეზონია. ზამთარი დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით გრძელდება და ცივი და ქარიანია, რაც დასავლეთ გატებიდან წამოსული ქარებითაა გამოწვეული. ჩვეულებრივ, წლის სხვა დროებთან შედარებით, ზამთრის თვეები მშრალი და ნაკლებად ტენიანია. დილით შედარებით გრილა და დღისით ტემპერატურა დაახლოებით 30 °C-ს 86 °F უტოლდება.[15]
საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 3 100 მმ-ია. სამხრეთ-დასავლეთის მუსონი ჩვეულებრივ მაისის ბოლო კვირაში იწყება. ივლისის შემდეგ ნალექიანობა იკლებს. საშუალოდ, წელიწადში 124 წვიმიანი დღეა. მაქსიმალური საშუალო ტემპერატურა ზაფხულში 36 °C-ია (96.8 °F), ხოლო მინიმალური ტემპერატურა ― 27 °C (80.6 °F). ზამთრის სეზონის მაქსიმალური საშუალო ტემპერატურა 31 °C-ია (87.8 °F), ხოლო მინიმალური ― 20 °C (68 °F).[15]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.