ფორმულა ერთის სეზონი 2000
From Wikipedia, the free encyclopedia
ფორმულა ერთის 2000 წლის სეზონი — ფორმულა ერთის რიგით 51-ე სეზონი. იგი 2000 წლის 12 მარტს დაიწყო და 17 ეტაპის შემდეგ, 22 ოქტომბერს დამთავრდა. მიხაელ შუმახერმა სეზონის ბოლოს წინა ეტაპზე მისი რიგით მე-3 ტიტული მოიპოვა. იგი ასევე „ფერარის“ პირველ ჩემპიონად იქცა 1979 წლის შემდეგ. მე-2 ადგილზე 1998 და 1999 წლების ჩემპიონი, მიკა ჰაკინენი გავიდა, ხოლო მე-3 ადგილი მისმა თანაგუნდელმა, დევიდ კულტჰარდმა დაიკავა. „ფერარიმ“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატშიც გაიმარჯვა, მათ უკან „მაკლარენი“ აღმოჩნდა.
სეზონის პირველი სამი ეტაპი შუმახერმა მოიგო, სანამ „ფერარის“ უახლოეს კონკურენტს, „მაკლარენს“ ბოლიდების არასაიმედობის გამო სათანადო კონკურენციის გაწევა ვერ შეეძლო. შემდეგ პრობლემები შუმახერსაც გაუჩნდა. გერმანელმა ზედიზედ სამჯერ ვერ მოახერხა ფინიშირება, რითაც “მაკლარენის“ პილოტებმაც ისარგებლეს. ჰაკინენმა ზედიზედ ორი რბოლა მოიგო და შედეგად შუმახერს 6 ქულით გაუსწრო, თუმცა სეზონის ბოლო 4 ეტაპი გერმანელი პილოტის გამარჯვებით დასრულდა. მიხაელ შუმახერმა თავისი მე-3 ტიტული 8 ოქტომბერს, იაპონიის გრან-პრიზე გააფორმა.
2000 წლის სეზონში მონაწილეობას პილოტების რეკორდულად დაბალი რაოდენობა იღებდა. სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოხვდა პილოტებთა შემადგენლობის ცვლილება (ედი ირვაინს ავსტრიის ეტაპის გამოტოვება მოუწია, ამიტომაც იგი ლუჩანო ბურტიმ ჩაანაცვლა). ეს რეკორდი 2008 წელს მოიხსნა, როდესაც იაპონური გუნდი „სუპერ აგური“ მე-4 ეტაპის შემდეგ ფორმულა ერთიდან წავიდა. 2000 წლის სეზონი ფორმულა ერთის 2009 წლის ჩემპიონის, ჯენსონ ბატონის სადებიუტო სეზონი იყო.