ჯონ აპდაიკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ ჰოიერ აპდაიკი ინგლ. John Hoyer Updike; დ. 18 მარტი, 1932, რედინგი, პენსილვანია — გ. 27 იანვარი, 2009) — ამერიკელი რომანისტი, პოეტი, მოთხრობების ავტორი, ხელოვნებისა და ლიტერატურის კრიტიკოსი. იგი ერთ-ერთია იმ ოთხ მწერალს შორის, რომლებიც პულიცერის პრემიის ლაურეატები ერთზე მეტჯერ გახდნენ. შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე აპდაიკმა გამოაქვეყნა ოცზე მეტი რომანი, ათეულობით მოთხრობათა კრებული, საბავშვო წიგნები და პოეტური და კრიტიკული ნამუშევრები.
1954 წლიდან მოყოლებული ჟურნალში „The New Yorker“ აპდაიკის ასეულობით მოთხრობა, რეცენზია თუ ლექსი დაიბეჭდა. იგი აგრეთვე რეგულარულად წერდა ჟურნალისთვის „The New York Review of Books“. მისი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარია „კურდღლის“ სერია, რომელიც შედგება ოთხი რომანისგან: „ბაჭია, გაიქეცი“, „ბაჭია დაბრუნდა“, „ბაჭია გამდიდრდა“ და „ბაჭია ისვენებს“. სერია ტიპური ამერიკელი საშუალო კლასის წარმომადგენლის, ჰარი „ბაჭია“ ენგსტრომის, ცხოვრების ქრონიკაზე მოგვითხრობს მისი ახალგაზრდობიდან სიკვდილამდე. სერიის ბოლო ორი ნაწილისთვის აპდაიკს პულიცერის პრემია მიენიჭა.
აპდაიკი თავისი შემოქმედების თემად „ამერიკის პროვინციულ ქალაქში მცხოვრებ საშუალო კლასს“ ასახელებდა. იგი აღიარებული იყო თავისი ოსტატური წერის მანერით, უნიკალური პროზაული სტილითა და ნაყოფიერი მოღვაწეობით – ავტორი წელიწადში საშუალოდ ერთ წიგნს წერდა. აპდაიკის მხატვრული ტექსტებისთვის დამახასიათებელია პერსონაჟები, რომლებიც „ხშირად განიცდიან შფოთვას და შინაგან კრიზისს რელიგიის, ოჯახური ვალდებულებებისა და ცოლქმრული ღალატის საშუალებით უნდა უპასუხონ.“[39]
აპდაიკის შემოქმედების მთავარი თემაა რიგითი საშუალო კლასის ამერიკელების ცხოვრება, მათი საზრუნავი, სწრაფვები, გატაცებები და პრობლემები. მის ნაშრომებში გამახვილებულია ყურადღება ქრისტიანული თეოლოგიაზე და სექსუალობასთან, გრძნობათა სამყაროსთან მის გადაკვეთაზე. აპდაიკის ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი ყურადღება და კრიტიკიკული აღიარება ჰპოვა, იგი თავისი დროის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ ავტორად მიიჩნევა.[40] მწერლის უაღრესად გამორჩეული პროზაული სტილისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი, უჩვეულო და ხშირად არაკანონიკური ლექსიკა, გადმოცემული „მოხერხებული და ინტელექტუალური ხედვით, რომელიც რეალისტური ტრადიციების შენარჩუნების ფონზე ფიზიკურ სამყაროს ექსტრავაგანტულად აღწერს.“[41] აპდაიკი თავის სტილს აღწერდა, როგორც „ამქვეყნიური სამყაროსადმი დამსახურებული სილამაზის მინიჭების მცდელობას.“[42]