ლესე ფერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლესე ფერი (ფრანგ. laissez-faire, „ნებაზე მიშვება“) — ეკონომიკური სისტემა, რომელშიც კერძო სუბიექტები თავისუფალი არიან ნებისმიერი ეკონომიკური ინტერვენციისგან, როგორიცაა რეგულაცია და სუბსიდიები. როგორც თეორიული სისტემა, ლესე ფერი ეფუძნება იმ აქსიომებს,[1] რომლებიც მიიჩნევენ, რომ ინდივიდი საზოგადოების ბაზისია და მას აქვს თავისუფლების ბუნებრივი უფლება; სამყაროს ფიზიკური მოწყობა ჰარმონიულია და თვითონ შეუძლია საკუთარი თავის მოწესრიგება; და რომ კორპორაციებს, რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, და მათ მუშაობას მოქალაქეებმა გულდასმით უნდა მიადევნონ თვალი, რადგან მათ აქვთ ბუნებრივი ტენდენცია მიმართული სმიტისეული სპონტანური წესრიგის დარღვევისკენ.[2]
ეს აქსიომები აყალიბებს ლესე ფერის ძირითად პრინციპებს. სხვა ასეთი პრინციპის თანახმად, ბაზარი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. ამ წესს ყოველთვის აკავშირებდნენ თავისუფალი ბაზრის თეორიასთან.[1] თავისუფლების გაზრდის და ბაზრისთვის თვითრეგულაციის ფუნქციის მინიჭების მიზნით, ამ თეორიის ადრინდელმა მიმდევრებმა დააწესეს მიწის იჯარის გადასახადი, (გეორგიზმის მსგავსად) რათა ჩაენაცვლებინა ყველა ის გადასახადი, რომელიც ზიანს აყენებდა ადამიანთა კეთილდღეობას პროდუქტებზე ჯარიმის დაწესებით.[3]
ლესე ფერის მოწინააღმდეგეები ეწინააღმდეგებიან ეკონიმიკის სექტორიდან მთავრობის სრულ გამოყოფას.[4] ფრაზა ლესე ფერი ანუ laissez-faire მომდინარეობს ფრანგული ფრაზისგან და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ნება დართე (მას; მათ)“, მაგრამ ამ შემთხვევაში ნიშნავს „ნებაზე მიუშვი“.[5] თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმი დაინერგა XVIII საუკუნის შუა ხანებიდან და უფრო მეტად პოპულარული გახდა ადამ სმიტის წიგნის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ საშუალებით.[6][7] ყველაზე მეტად გავრცელებული იყო XIX საუკუნის ბრიტანეთსა და აშშ-ში. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად ასოცირდება კაპიტალიზმთან, არსებობს თავისუფალი ბაზრის არაკაპიტალისტური ფორმებიც, მათ შორის ბაზრის სოციალიზმი.