აღა-მაჰმად-ხანი
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
აღა-მაჰმად-ხანი (აზერ. Ağa Məhəmməd-xan Qacar, სპარს. آقا محمد خان قاجار Âqâ Mohammad xân Qâjâr; დ. 1742 — გ. 1797, შუშა) — ირანის გამგებელი 1794 წლიდან, შაჰი 1796 წლიდან. ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი. აღა-მოჰამედ-ხანი მცირეწლოვანი იყო, როდესაც ტყვედ ჩაიგდო და დაასაჭურისა მამამისის — ყაჯართა ტომის მედირ-შაჰის ძემ ადილ-შაჰ ავშარმა. მამამისის დამარცხების შემდეგ აღა-მაჰმად-ხანი შირაზში, ზენდების სამეფო კარზე წაიყვანეს. 1779 წელს ქერიმ-ხან ზენდის გარდაცვალების შემდეგ შირაზიდან ასთარაბადს გაიქცა და სათავეში ჩაუდგა ყაჯარ ტომთა ბრძოლას სახელმწიფო ხელისუფლებისათვის. მალე დაიკავა ირანის ჩრდილოეთ და ცენტრალური ნაწილი, 1794 წელს კი ბოლო მოუღო ზენდების დინასტიის უკანასკნელ წარმომადგენელს და ირანის ფაქტობრივი მბრძანებელი გახდა. იყო მკაცრი და ულმობელი მმართველი.
ირანის სატახტო ქალაქი აღა-მაჰმად-ხანმა თეირანში გადაიტანა. 1795 წელს მან გაილაშქრა აზერბაიჯანსა და საქართველოზე, დაარბია თბილისი (კრწანისის ბრძოლა, 1795), ხოლო საქართველოდან დაბრუნებისა და ირანის შაჰინ-შაჰის ტიტულის მიღების შემდეგ (1796) დაიპყრო ხორასანი.
Remove ads
მკვლელობა
1797 წელს აღა-მაჰმად-ხანი მეორედ აპირებდა საქართველოში ლაშქრობას, მაგრამ მისი მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან იგი მოკლეს ქალაქ შუშაში.[1] მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე იგი განრისხდა მისი კარვის მახლობლად ატეხილი ხმაურის გამო და გადაწყვიტა, რომ ორი მსახური სიკვდილით დაესაჯა მისი სიმშვიდის დარღვევისთვის. თუმცა მაშინ პარასკევი იყო (ისლამის წმინდა დღე), რის გამოც შაჰმა სიკვდილით დასჯა მეორე დილამდე გადადო. ამით ისარგებლეს სასიკვდილოდ განწირულმა მსახურებმა და გადაწყვიტეს დაესწროთ და თავად მოეკლათ შაჰი. მათ მესამე შეთქმულიც იპოვეს, ღამით სამივე შეიპარა შაჰის კარავში და დანებითა და ხანჯლებით აკუწეს იგი. ერთ-ერთი მსახური, რომელიც მკვლელობაში მონაწილეობდა, ქართული წარმოშობის იყო და სპარსულ წყაროებში სადეღ გორჯად იხსენიება.[2] ზაქარია ჭიჭინაძის მიერ ჩაწერილი გადმოცემის მიხედვით, სადეღი (სადიხა) მცხეთიდან იყო და მისი ნამდვილი სახელი ანდრია ყოფილა. ანდრია სპარსელებს გაუტაციათ და ასე გამხდარა შაჰის მსახური. შაჰის მკვლელობის შემდეგ ქართლში დაბრუნებული ანდრია წინაპრების სარწმუნოებას დაუბრუნდა, ბერად შედგა და ანტონ კათალიკოსმა ის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში გაამწესა. ანდრიას დიდხანს აღარ უცოცხლია და 1800 წლის ზაფხულში აღესრულა.[3]
Remove ads
ლიტერატურა
- ზ. შარაშენიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 47.
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads