ბეთანიის მონასტერი
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ბეთანიის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII–XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავლეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში, მდინარე ვერეს ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს. წარმოადგენდა ორბელთა საძვალეს. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]. 2006 წელს შედიოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
Remove ads
ისტორია
მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII–XIII საუკუნეებშია აშენებული.

ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების — ორბელების საგვარეულო სამარხს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა.

XX საუკუნეში ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.
Remove ads
არქიტექტურა
მონასტრის მთავარი ტაძარი გეგმით სწორკუთხედია. გუმბათი ოდნავაა გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც.
ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. მხატვრობა გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების" კომპოზიცია (შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები). საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინასწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთი კედელი ეთმობა მაცხოვრის ვნებათა ციკლს, ხოლო სამხრეთი კედელი - ძველი აღთქმის სცენებს. ფრაგმენტების მიხედვით დასავლეთი კედელი ეკავა განკითხვის დღის კომპოზიციას.

რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, დაახლოებით 1207 წელს. ბეთანიის ეკლესიაში არსებული თამარ მეფის ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული მისი ოთხი ფრესკიდან.
Remove ads
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ამირანაშვილი შ., ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1971;
- ციციშვილი ი., ქართული არქიტექტურის ისტორია, თბ., 1955;
- Алибегашвили Г. В., Четыре портрета царицы Тамары, Тб., 1957;
- ციციშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 268.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads