ტექნიკა

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

ტექნიკა (ძვ. ბერძნ. τεχνικός < τέχνη[tékhnē]— „ხელოვნება“, „ოსტატობა“, „უნარი“) — ადამიანის მოქმედების საშუალებათა ერთობლიობა წარმოების პროცესების განსახორციელებლად და საზოგადოების არასაწარმოო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ტექნიკაში მატერიალიზებულია საზოგადოების წარმოების პროცესში კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება.

ტექნიკის ძირითადი დანიშნულებაა ადამიანის საწარმოო ფუნქციის ნაწილობრივი ან სრული შეცვლა შრომის გაადვილებისა და მისი ნაყოფიერების გაზრდის მიზნით. ზოგჯერ „ტექნიკა“-ს უწოდებენ ილეთებსა და ხერხებს ადამიანის რაიმე საქმიანობაში (საქმის წარმოების ტექნიკა, ფორტეპიანოზე დაკვრის ტექნიკა, ცეკვის ტექნიკა, სპორტის ტექნიკა, და სხვა). ტექნიკა საშუალებას იძლევა საზოგადოების მოთხოვნილების შესაბამისად გარდავქმნათ ბუნება. წარმოების განვითარების შესაბამისად ტექნიკა ცვლის ადამიანს იმ ტექნოლოგიური ფუნქციების შესრულებაში, რომლებიც დაკავშირებულია ფიზიკურ და გონებრივ შრომასთან. ტექნიკას იყენებენ შრომის საგნებზე ზემოქმედებისათვის და კულტურულ ფასეულობის შექმნის დროს, ენერგიის მისაღებად, გადასაცემად და გარდასაქმნელად, საზოგადოებისა და ბუნების განვითარების კანონების შესასწავლად, კავშირგაბმულობისათვის, ინფორმაციის შეგროვებისა და შენახვისათვის გადამუშავებისა და გადაცემისათვის, საზოგადოების სამართავად, ყოფაცხოვრებაში, ომისა და თავდაცვისათვის.

ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ტექნიკა არის საწარმოო, სამხედრო, საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, სამეცნიერო-კვლევითი, განათლების, კულტურისა და სხვა. ტექნიკაის საშუალებათა ძირითადი ნაწილია საწარმოო ტექნიკა, რომელსაც მიეკუთვნება მანქანა-მექანიზმები, იარაღები, მანქანებისა და ტექნოლოგიური პროცესების მართვის აპარატურა, სამრეწველო შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები და ა. შ. ტექნიკის კლასიფიკაციას ახდენენ წარმოების დარგობრივი სტრუქტურის მიხედვით (მაგალითად, მრეწველობის ტექნიკა, სოფლის მეურნეობის ტექნიკა და სხვა) ან წარმოების სტრუქტურული ქვედანაყოფის მიხედვით (მაგალითად, საავიაციო ტექნიკა, სამელიორაციო ტექნიკა, ენერგეტიკული ტექნიკა და სხვა), ზოგჯერ კი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგების მიხედვითაც (მაგალითად, ბირთვული ტექნიკა, სამაცივრო ტექნიკა, გამოთვლითი ტექნიკა და სხვა). ტექნიკის განვითარება სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ძირითადი პირობაა. თანამედროვე ტექნიკის უმნიშვნელოვანესი მიღწევები ეყრდნობა ბუნებისმეტყველების ფუნდამენტურ აღმოჩენებს.

ტექნიკის განვითარება გულისხმობს ახალი მანქანების, დანადგარების, ხელსაწყოების შექმნასა და არსებულის გაუმჯობესებას, წარმოების ტექნიკური დონის ამაღლებას, ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსების მექანიზაციასა და ავტომატიზაციას, ახალი მასალების, სათბობისა და ენერგიის გარდამქმნელების შექმნას, უფრო სრულყოფილი ნაკეთობის წარმოებას, მათი ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას. ტექნიკის ძირითადი მაჩვენებლებია მისი მწარმოებლურობა, საიმედოობა და ექსპლუატაციის ეკონომიურობა.

ტექნიკის მწარმოებლურობა განისაზღვრება დროის ერთეულში დამზადებული (ან დამუშავებული, გადაზიდული და ა. შ.) პროდუქციის რაოდენობით, ტექნიკის (ტექნიკის საშუალებათა) საიმედოობა ხასიათდება მისი უნარით მოგვცეს მტყუნების გარეშე საჭირო რაოდენობისა და ხარისხის პროდუქცია. ტექნიკის საშუალებათა ექსპლუატაციის ეკონომიურობა განისაზღვრება მოხმარებული ნედლეულის, მასალის, სათბობისა და ენერგიის რაოდენობით, აგრეთვე დამხმარე მოწყობილობის ღირებულებით.

ტექნიკის მწარმოებლურობის, საიმედოობისა და ექსპლუატაციის ეკონომიურობის ამაღლება შეიძლება მისი მოდერნიზაციით მოცემული საწარმოო მაჩვენებლების უზრუნველყოფის გარდა თანამედროვე ტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ეკონომიკის, ტექნიკური ესთეტიკისა და ეკოლოგიის მოთხოვნებს. ტექნიკა ვითარდება სამეცნიერო მიღწევების საფუძველზე. იგი მეცნიერების წინაშე აყენებს ახალ ამოცანებს, აუმჯობესებს სამეცნიერო საქმიანობის საშუალებებს. მისი განვითარება მჭიდროდ დაკავშირებულია საზოგადოების წარმოების სისტემასა და სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან.

Remove ads

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads