აბრაამისეული რელიგიები
From Wikipedia, the free encyclopedia
აბრაამისეული რელიგიები — იმ მონოთეისტური რელიგიების საერთო სახელწოდება, რომლებიც სათავეს ძველი სემიტური ტრადიციიდან იღებენ და უკავშირდებიან პატრიარქ აბრაამს. აბრაამული რელიგიებია იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. აბრაამი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ირწმუნა ერთი ღმერთი. მას ეწოდებოდა ყველა მორწმუნის მამა. აბრაამის ყველა რელიგია, ამა თუ იმ ზომით, აღიარებს ძველი აღთქმის წერილებს და წინასწარმეტყველებებს, რომლებიც შეიცავს სწავლებას ადამიანის ღვთაებრივ დანიშნულებაზე. სამივე რელიგია აღიარებს ერთ ღმერთს, როგორც სამყაროს შემოქმედსა და მამას.
აბრაამულ რელიგიებს უწოდებენ გამოცხადებისეულ და წერილობით რელიგიებსაც, რადგან მათი სწავლება დაფუძნებულია საღვთო გამოცხადებაზე – ღმერთი ეცხადება ადამიანს და გადასცემს საკუთარ ნებას. წმინდა წერილი არის საღვთო გამოცხადების ფიქსაცია. გამოცხადება მიანიშნებს ადამიანისთვის შეუცნობელ, ღვთიურ საიდუმლოებაზე. აბრაამისეული რელიგიების განსაკუთრებულობას წარმოადგენს ადამიანური მსხვერპლშეწირვის და თვითმკვლელობის უარყოფა.
XX საუკუნიდან აბრაამულ რელიგიებს შორის აქტიური დიალოგის პროცესი მიმდინარეობს. 2006 წლისთვის აბრაამისეული რელიგიების მიმდევართა საერთო რაოდენობა დაახლოებით 3,7 მილიარდს შეადგენდა.