ავტონომია
From Wikipedia, the free encyclopedia
ავტონომია — საერთაშორისო სამართალში ნიშნავს სახელმწიფოს რომელიმე ტერიტორიული ნაწილის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებების დამოუკიდებლად განხორციელებას იურიდიული ნორმების გამოცემის გზით. ავტონომიის საერთაშორისო-სამართლებრივი გაგებისათვის მთავარია, რომ შესაბამისი ტერიტორია, ფართო თვითმმართველობის მიუხედავად, არ იძენს სახელმწიფოს ნიშნებს. ავტონომიის ცნების დიფერენცირებული შინაარსის მიუხედავად, იგი ძირითადად გულისხმობს ტერიტორიულ თვითმმართველობას, როდესაც ავტონომიური რეგიონი ნაწილობრივ დამოუკიდებელია ნაციონალური, ცენტრალური მთავრობის გავლენისაგან და საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს თავის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს. ავტონომია, როგორც წესი, გულისხმობს ჯგუფის, როგორც უმცირესობის აღიარებას და მისი კოლექტიური უფლებების დაცვას. ხალხის ჯგუფის, როგორც ავტონომიის სუბიექტი, გულისხმობს ადამიანთა ისეთ ერთობას:
- რომელიც ცხოვრობს მოცემული სახელმწიფოს მკაფიოდ შემოსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში;
- რომელიც რაოდენობრივად უფრო მცირეა, ვიდრე სახელმწიფოს დანარჩენი მოსახლეობა;
- რომლის წევრები არიან მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეები (მათი ავტონომია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ სახელმწიფოს ფარგლებში);
- რომლის წევრები დანარჩენი მოქალაქეებისაგან განსხვავდებიან ეთნიკური, ენობრივი ან კულტურული ნიშნით;
- რომლის წევრებსაც სურთ თავიანთი განსაკუთრებულობისა და ინდივიდუალურობის შენარჩუნება.