From Wikipedia, the free encyclopedia
პრინცი ალბერტ ვიქტორი, კლარენსისა და ევონდეილის ჰერცოგი (ინგლ. Prince Albert Victor, Duke of Clarence and Avondale; დ. 8 იანვარი, 1864, უინძორი, დიდი ბრიტანეთი — გ. 14 იანვარი, 1892, ნორფოლკი, დიდი ბრიტანეთი) — საქსენ-კობურგ-გოთელების დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII-ისა და დედოფალ ალექსანდრა დანიელის უფროსი ვაჟი, მეფე ჯორჯ V-ისა და ნორვეგიის დედოფალ მაუდ უელსელის ძმა. დედოფალ ვიქტორიასა და პრინცი ალბერტის შვილიშვილი.
ალბერტ ვიქტორი | |
---|---|
სრული სახელი
ალბერტ ვიქტორ კრისტიან ედუარდი | |
წოდებები
კლარენსისა და ევონდეილის ჰერცოგი | |
დაიბადა |
8 იანვარი, 1864 უინძორი, დიდი ბრიტანეთი |
გარდაიცვალა |
14 იანვარი, 1892, (28 წლის) ნორფოლკი, დიდი ბრიტანეთი |
საგვარეულო | საქსენ-კობურგ-გოთელები |
მამა | ედუარდ VII, დიდი ბრიტანეთის მეფე |
დედა | ალექსანდრა დანიელი |
რელიგია | ანგლიკანიზმი |
ალბერტ ვიქტორი დაიბადა 1864 წლის 8 იანვარს უინძორში. იგი იყო უელსის პრინც ედუარდისა (შემდგომში მეფე ედუარდ VII) და პრინცესა ალექსანდრა დანიელის პირველი შვილი. მამის მხრიდან იგი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის შვილიშვილი იყო, ხოლო დედის მხრიდან — დანიის მეფე კრისტიან IX-ისა და დედოფალ ლუიზა ფონ ჰესენ-კასელისა. იგი იმავე წლის 10 მარტს მონათლეს ბუკინგემის სასახლის სამლოცველოში, მისი ნათლიები კი იყვნენ: დედოფალი ვიქტორია (ბებიამისი), დანიის მეფე კრისტიან IX (ბაბუამისი), ბელგიის მეფე ლეოპოლდ I (ბებიამისის ბიძა), შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდენბურგ-გლუქსბურგის ქვრივი ჰერცოგინია ლუიზა კაროლინა ფონ ჰესენ-კასელი (მისი დიდი ბებია), საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგინია ალექსანდრინა ბადენელი (ბიცოლამისი), ჰესენ-კასელის ლანდგრაფი ვილჰელმი (მისი დიდი ბაბუა), პრუსიისა და გერმანიის დედოფალი ვიქტორია (მამიდამისი) და საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგი ალფრედი (ბიძამისი).
როგორც მომავალი მეფე, ალბერტ ვიქტორი მშობლებმა საუკეთესო განათლებით უზრუნველყვეს, დედოფალმა კი მას კლარენსისა და ევონდეილის ჰერცოგის წოდებაც მისცა. აღსანიშნავია, რომ დედის გავლენით მან დანიური ენაც შეისწავლა. როდესაც წამოიზარდა მშობლებმა იგი ბრიტანეთის იმპერიაში სამოგზაუროდ გაუშვეს, რა დროსაც ახალგაზრდა პრინცი ეწვია დალტონს, ამერიკას, ფოლკლენდის კუნძულებს, სამხრეთ აფრიკას, ფიჯის, ავსტრალიას, შორეულ აღმოსავლეთს, სინგაპურს, შრი-ლანკას, ადენს, ეგვიპტეს, პალესტინას, საბერძნეთსა და იაპონიასაც კი.
1889 წელს უკან დაბრუნებული ალბერტ ვიქტორი მალევე გაეხვა სკანდალში, რაც ისტორიაში ცნობილია, როგორც „კლივლენდის ქუჩის სკანდალი“. საქმე ის იყო, რომ მისი ლონდონში ჩასვლიდან მალევე დედაქალაქში გამოჩნდა სერიული მკვლელი, სახელად ჯეკ მფატრავი, რომელიც ქალებს სასტიკი მეთოდებით ხოცავდა. ამასთან, თვითმხილველები აღნაგობით მკვლელს პრინც ალბერტ ვიქტორს ამსგავსებდნენ, რასაც ცხადია, მოჰყვა დიდი სკანდალი და გამოძიება. საბოლოოდ იგი უდანაშაულოდ სცნეს, თუმცა მკვლელიც ვერ დაიჭირეს, რის გამოც ჭორები მაინც არ წყდებოდა.
ამ მიზეზით 1889 წლის ოქტომბერში მშობლებმა ალბერტ ვიქტორი ბრიტანეთიდან გაამგზავრეს. შვილის ჭორებისაგან დასაცავად მათ იგი ინდოეთში გაუშვეს, სადაც იგი ეწვია კალკუტას, მანდალასა და მომბაის. იგი ლონდონში მხოლოდ 1890 წლის 24 მაისს, დედოფალ ვიქტორიას 71-ე დაბადების დღეზე ჩავიდა. ამის შემდეგ მშობლებმა მის დაქორწინებაზეც დაიწყეს ფიქრი.
თავდაპირველად ალბერტ ვიქტორის საცოლედ მოიაზრებოდა მისი მამიდაშვილი ალიქს ჰესენელი, რომელიც მალევე ცოლად რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს გაჰყვა და ალექსანდრა ფიოდოროვნა გახდა. ამის გამო მის ახალ საცოლედ ფრანგი პრინცესა ელენ ორლეანელი იქცა, რომელიც პარიზის გრაფის ასული და საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის შთამომავალი იყო, თუმცა ფრანგებთან მოლაპარაკებები კრახით დასრულდა, რადგან ელენმა უარი თქვა ანგლიკანობის მიღებაზე, დედოფალმა ვიქტორიამ კი არ დაუშვა მომავალი მეფის კათოლიკე ქალზე ქორწინება. ამავე პერიოდში ალბერტ ვიქტორს გონორეა დაუდგინდა, რამაც მისი იმიჯი დიდად შელახა. 1891 წელს იგი დანიშნეს დედოფალ ვიქტორიას ბიძაშვილის, მერი ადელაიდა კემბრიჯელის ქალიშვილ მარია ტეკელზე. ქორწინება შედგებოდა კიდეც, თუმცა 1892 წლის 14 იანვარს 28 წლის ალბერტ ვიქტორი გრიპით გარდაიცვალა, რის გამოც მარია ტეკელი მის ძმაზე, პრინც ჯორჯზე დააქორწინეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.