ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობა (10 — 13 დეკემბერი, 1922, ბაქო) — ამიერკავკასიის საბჭოების რიგით პირველი ყრილობა. ესწრებოდა 582 დელეგატი, მათ შორის: კომუნისტი — 503, სოციალისტ-ფედერალისტი — 2, უპარტიო — 77; ეროვნული შემადგენლობა: აზერბაიჯანელი — 175, ქართველი — 160, სომეხი — 131, რუსი — 83 და სხვა — 12.
ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საკავშირო საბჭოს ანგარიშში მომხსენებელმა დაახასიათა საბჭოს ღონისძიებები ამიერკავკასიის რესპუბლიკების პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების განსამტკიცებლად. ყრილობამ მოიწონა საბჭოს საქმიანობა საანგარიშო პერიოდში. ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობამ დაასაბუთა სსრ კავშირის შექმნის ისტორიული აუცილებლობა, მიზანშეწონილად მიიჩნია აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის სსრ-ების გაერთიანება სსრ კავშირში ამიერკავკასიის ფედერაციის მეშვეობით. ყრილობის დადგენილებით „ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფედერალური კავშირი“ გარდაიქმნა „ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერატიულ სოციალისტურ რესპუბლიკად“ (ასფსრ). წითელი არმიისა და ფლოტის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში ყრილობამ დასახა ამიერკავკასიის შეიარაღებული ძალების საბრძოლო და პოლიტიკური განმტკიცების ღონისძიებანი. სერიოზული ყურადრება დაეთმო სამეურნეო საკითხებსაც: მებამბეობის განვითარებას, ნავთობის მრეწველობის აღდგენას, საირიგაციო სამუშაოთა მიმდინარეობას.