ბუკერის პრემია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბუკერის პრემია (ინგლ. Booker Prize) — ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში ინგლისურ ლიტერატურაში. ენიჭება ავტორს, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების ან ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეა, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანისთვის. პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო 50 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობით (2002 წლამდე 21 ათასი ფუნტი იყო). პირველი პრემია გაიცა 1969 წელს. 2002 წლიდან ბუკერის პრემიის სპონსორია კომპანიათა კონცერნი „მენი“. შედეგად მისი სრული ოფიციალური სახელია The Man Booker Prize.
პრემიის მინიჭება შემდეგი სქემით ხდება: თავდაპირველად ყოველწლიურად განახლებადი საკონსულტაციო კომიტეტი, რომელშიც შედიან ორი გამომცემელი და მწერალთა, ლიტერატურულ აგენტთა, კინომეწარმეთა, ბიბლიოთეკებისა და თავად ბუკერის პრემიის ფონდის თითო წარმომადგენელი, ადგენს დაახლოებით 100 წიგნის სიას. იგივე კომიტეტი ამტკიცებს ხუთწევრიან ჟიურის, რომლის წევრები, როგორც წესი, ხდებიან წამყვანი ლიტერატურული კრიტოკოსები და მწერლები, მეცნიერების ღირსეული წარმომადგენლები, გავლენიანი საზოგადოებრივი ფიგურები. აგვისტოში ჟიური აქვეყნებს ე.წ. ლონგლისტს (გრძელი სია), რომელშიც 25-მდე კანდიდატია შესული, ხოლო სექტემბერში ამ სიიდან ექვსი მონაწილე პრემიის „შორტლისტში“ (მოკლე სია) შედის. ბუკერის პრემიის გამარჯვებული ცხადდება ოქტომბერში სპეციალურ ცერემონიაზე.
ბუკერის პრემიის ოთხი მფლობელი — უილიამ გოლდინგი, ნადინ გორდიმერი, ვიდიადჰარ ნაიპოლი და ჯონ მაქსველ კუტზეე — შემდგომში გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. 1999 წელს ჯონ მ. კუტზეე პირველი მწერალი გახდა, რომელმაც ბუკერის პრემია ორჯერ მოიპოვა. ორ წელიწადში ეს მიღწევა გაიმეორა ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ.