დიპლომატია
From Wikipedia, the free encyclopedia
დიპლომატია — საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნებთან ურთიერთობებში სახელმწიფოს მიზნების შესრულებას ემსახურება. სხვაგვარად, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა და საგარეო ურთიერთობის ორგანოთა ოფიციალური საქმიანობა საგარეო-პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად საზღვარგარეთ. მეთოდი, რომლითაც ამ ურთიერთობებს არეგულირებენ და აწარმოებენ ელჩები ან დესპანები. ტერმინი „დიპლომატია“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „diplōma“ — წარწერებიანი ორკეცი დაფა, რომელიც ძველ საბერძნეთში რწმუნებულების საბუთად ეძლეოდა სხვა ქვეყანაში გაგზავნილ დესპანს; თანამედროვე მნიშვნელობით დამკვიდრდა XVIII საუკუნის ბოლოს. დიპლომატია წარმოიშვა სახელმწიფოსთან ერთად. მისი მიზანდასახულობა და მეთოდები შეესაბამება სახელმწიფოს არსს და პოლიტიკურ რეჟიმს.[1]
დიპლომატია ხორციელდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ორმხრივი დიპლომატია გულისხმობს ურთიერთობას ორ სახელმწიფოს შორის. მრავალმხრივი დიპლომატია კი მოიცავს რამდენიმე ქვეყანას შორის, ხშირად საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტიტუციონალიზებულ გარემოში კონტაქტს. ამ ტიპის დიპლომატიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიძინა. ამის მიზეზი კი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში სუვერენულ სახელმწიფოთა სწრაფი ზრდა და მათ შორის კომპლექსური ურთიერთობების ჩამოყალიბება იყო. ამ ყველაფერს თან დაერთო საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღებული ვალდებულებებისა და ამოცანების მრავალფეროვნება და გაზრდილი რაოდენობა.
მონათმფლობელური სახელმწიფოს დიპლომატია ემსახურებოდა ერთ ქვეყანასთან კავშირის შეკვრას მეორე ქვეყნის წინააღმდეგ, რამაც განაპირობა ელჩების გაგზავნისა და საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების პრაქტიკა. მანევრირებითა და ცბიერებით გამოირჩეოდა ანტიკური რომის დიპლომატია; ფეოდალიზმის ეპოქაში ეს ტრადიციები განავითარა ბიზანტიისა და რომის პაპების დიპლომატიამ; ბიზანტიამ შემოიღო მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობანი საზღვარგარეთ და რთული დიპლომატიური ეტიკეტი.[1] მუდმივი ელჩის ინსტიტუტი პირველად XV საუკუნის იტალიაში წარმოიშვა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა.[2]